მთავარი » ჯანდაცვა » სილამაზის სალონების ბიზნესის რეგულაცია მკაცრდება
სილამაზის სალონების ბიზნესის რეგულაცია მკაცრდება – ბაზრის მოთამაშეების ნაწილი დახურვის საფრთხესა და მომსახრების გაძვირებაზე საუბრობს.

სილამაზის სალონების ბიზნესის რეგულაცია მკაცრდება

სილამაზის სალონების ნაწილი დაიხურება, ნაწილში კი მომსახურება გაძვირდება – ასეთ შეფასებას აკეთებენ „კომერსანტთან” სალონების წარმომადგენლები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციაზე, რომელიც მიმდინარე წლის 15 იანვრიდან სილამაზის და ტატუს სალონების შემოწმებას ითვალისწინებს.

სილამაზის სალონების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული რეგულაცია კარგია, მეტიც – აუცილებელიც კია, თუმცა, ეს მათთვის დიდი ხარჯის მომტანი იქნება. კერძოდ, მათი მტკიცებით, ეს ყველა შემთხვევაში მომსახურების ტარიფების ზრდას გამოიწვევს, შედარებით მცირე სალონებს კი დახურვის საფრთხის წინაშე დააყენებს.

სილამაზის სალონების ქსელის „კეონის” მენეჯერი ეკა წითლიძე აცხადებს, რომ მათთვის ეს რეგულაცია არაფერს შეცვლის, რადგან სალონი გახსნის დღიდან ამ სტანდარტით მუშაობს. თუმცა, მისივე მტკიცებით, ავტოკლავებით (სტერილიზაციის აპარატი) და შესაბამისი ხსნარებით მუშაობა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც პატარა სალონებს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.

„ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან ძვირი ღირს ავტოკლავის შესაფუთი აპარატი, სასტერილიზაციო ხსნარები, ამიტომ, იაფფასიანი სალონები ვერ გაწვდებიან ამას და იძულებულები იქნებიან ფასები გაზარდონ,”-აცხადებს წითლიძე.

თუმცა, მისივე განცხადებით, კარგი იქნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სალონების წარმომადგენლებს ჯერ კარგად აუხსნას რას ითხოვს და მუშაობის შედეგი შემდეგ მოითხოვოს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაცია რომ ფასების ზრდას გამოიწვევს ამის შესახებ საუბრობენ სილამაზის სალონ „ლორენშიც“. სალონის მენეჯერის ინფორმაციით, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ძვირია სასტერილიზაციო აპარატები, ხსნარები, შესაბამისად, ისინი იძულებულები ხდებიან მომსახურებაზე ფასები გაზარდონ. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 იანვრიდან დაიწყო. რამდენიმე დღის წინ უწყებაში „კომერსანტს” განუცხადეს, რომ პროცესი დაწყებულია, მონიტორინგს კი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ახორციელებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი იანვარში „კომერსანტთან” აცხადებდა, რომ შემოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა, როგორიცაა თმის მოვლა-პარსვა, პირსინგი, ტატუ, მანიკიური, პედიკიური. მონიტორები შეაფასებენ, სუფთავდება თუ არა სათანადოდ ზედაპირები, ხორციელდება თუ არა იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას, ერთჯერადი ხელსაწყოები რეალურად ერთჯერადად გამოიყენება თუ არა და ა.შ.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მონიტორინგის პროგრამა დასჯაზე ორიენტირებული არ არის და მას უფრო სწავლებისა და რეკომენდაციების სახე აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე დარღვევებზე არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული. თუმცა, „კომერსანტის“ ინფორმაციით, ჯარიმები მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება.

სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგამდე ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კაბინეტები შეამოწმა. 

სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების შედეგად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 223 დარღვევა აღმოაჩინა. სააგენტომ მთლიანობაში 477 სტომატოლოგიური დაწესებულება შეამოწმა. 

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …