მთავარი » ჯანდაცვა » საპარტნიორო ფონდში ალფამედიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საპარტნიორო ფონდში ალფამედიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საპარტნიორო ფონდში ალფამედიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისი (GBC) – “საპარტნიორო ფონდში” სამუშაო შეხვედრა გამართა კონსორციუმმა „ალფამედიკი” (AlphaMedic Consortium), რომელიც სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტია.

მხარეებმა საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული სტრუქტურა, პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპები და პროექტში მონაწილე პარტნიორების უფლება-მოვალეობები და პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ეს იქნება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მასშტაბური პროექტი რაც კი ოდესმე განხორციელებულა. 

„საქმე ეხება ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმას. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან მხოლოდ „ალფამედიკმა“ წარმოადგინა წინადადებები, რომელსაც საპარტნიორო ფონდი განიხილავს. კონსორციუმს, რომელიც ჯერ გამარჯვებული არ არის, წარმოადგენს რვა კომპანიას.

პროექტი მნიშვნელოვანია დასაქმებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობას ექნება ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების სამედიცინო დახმარების საშუალება”, – აღნიშნა საგანელიძემ. 

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეგიონების მაშტაბით იგეგმება პოლიკლინიკების განვითარება, რაც მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვას. 

„პროექტის ინიციატორია მთავრობა და შესაბამისად სატენდერო კომისიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. თანათავმჯდომარე კი ეკონომიკის მინისტრია. ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს საპარტნიორო ფონდი და ჩვენ ვიქნებით თანაპარტნიორები დაფინანსებაში. ვფიქრობთ, რომ ტენდერში გამარჯვებული სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს.

ძირითადი მოთხოვნებია მაღალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემისა და თავად შენობების მოდერნიზაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, კადრების გადამზადება და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ. 

კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია რამდენიმე დღის განმავლობაში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში განიხილებოდა, რის შემდეგ უკვე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, აკმაყოფილებს თუ არა პოტენციური ინვესტორი ტენდერის პირობებს. 

მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium) წარადგინა. 

საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა. 

კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი“ გახდა. 

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი. 

სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი). 

„ალფამედიკი“ სათავეში უდგას კონსორციუმს, რომელიც სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში შესვლის მიზნით შეიქმნა.

კონსორციუმი აერთიანებს სამედიცინო სფეროში კლინიკების მართვასა და განვითარებაში გამოცდილ კომპანიებს, როგორებიცაა Keppie Architects & Mott MacDonald და The Health Partnership, სამედიცინო მენეჯმენტ-ჯგუფი Innova Healthcare, დიზაინის მენეჯმენტ ჯგუფი MKF და პროექტების მართვის მენეჯმენტ ჯგუფი FESP.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …