სამი წლის წინ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჯანდაცვის მიმართულებით, დღეის მდგომარეობით კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული, ხოლო მათი მკურნალობის, ოპერაციების და სხვა ხარჯებს სახელმწიფო იხდის
– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სამი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 800 000 000 ლარი იყო, გაისად კი, აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მილიარდი ლარი იქნება.
“მინდა რამდენიმე სიტყვით გიამბოთ, თუ საიდან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის დაფუძნების იდეა. ყველა ჩვენგანი ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც სამი წლის ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული პროექტია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული, მათი მკურნალობის, ოპერაციების და სხვა ხარჯებს სახელმწიფო იხდის, სამი წლის წინ კი, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ საკითხს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.