ჯენერიკ მედიკამენტების მოხმარებასა და პაციენტების ინფორმირებულობის აუცილებლობის საკითხს, კარდიოლოგი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მონიტორინგული და შეფასებითი კვლევების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დალი ტრაპაიძე გამოეხმაურა:
“ბოლო დროს, ძალიან ბევრს საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომელსაც პრაქტიკაში, უკვე წლებია ვიყენებთ და ამაში ახალი არაფერია. ჯენერიკები ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია. ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელიც არის არსებობდეს ანალოგიური მედიკამენტები, რომელიც არ არის ორიგინალი, ანუ ბრენდი, მაგრამ მოქმედებითა და ეფექტურობით ბრენდთან მიახლოებული, სანდო და ხელმისაწვდომია“.
ექიმი ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დღეს დაბალია და აუცილებელია მასზე ოჯახის ექიმმა და ჯანდაცვის სტრუქტურებმა იზრუნოს:
„ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი ხანგრძლივად სამკურნალო დაავადებებში არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა გახლავთ, მედიკამენტოზური მკურნალობის შეწყვეტა სახიფათოა. კარგად დასაბუთებული ანტიჰიპერტონული პრეპარატის სარგებელისა და რისკების შესახებ ექიმმა პაციენტს აუცილებლად გარკვევით და დეტალურად უნდა უამბოს. ეს არ ეხება მხოლოდ ამ დაავადებას, ეხება ყველა ქრონიკულ დაავადებას.
პაციენტს სწორედ, ექიმი უნდა აწვდიდეს სრულყოფილ ინფორმაციას, რომ პრეპარატის მიუღებლობის შემთხვევაში, მას შეიძლება განუვითარდეს გართულებები და დაუგეგმავად აღმოჩნდეს ჰოსპიტალში.
სახელმწიფომ მიზანმიმართულად გაატარა რეფორმები და მისასალმებელია მისი ჩართულობა იმ მიმართულებით, რომ დღეს სერვისები და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. სტაციონარში მოთავსება აღარ არის პრობლემა, მაგრამ პაკეტებში არ დევს პრეპარატები. ვფიქრობ, ეს მაინც ექიმის პრეროგატივაა, რათა აუხსნას პაციენტს, რომ ბაზარზე არსებობს შედარებით იაფფასიანი ეფექტური მედიკამენტები, რომელთა რეგულარული მიღება თავიდან ააცილებს მოსალოდნელ გართულებებს.
დღეს ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა დგას, მაგრამ ყველაზე მეტი პრობლემა მაინც ვფიქრობ, ექიმების დროის დეფიციტია, რათა მოტივაცია შეუქმნას პაციენტს , რომ მან მიიღოს მისთვის სასარგებლო პრეპარატი, თუნდაც იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური . ჩემთვის ამოსავალი პრობლემა მეტწილად ის გახლავთ, რომ პაციენტი არ არის კარგად ინფორმირებული რა რისკებს შეუქმნის მკურნალობაში წყვეტა“.
კარდეოლოგი ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით არსებობს ჯენერიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური, სანდო და ხარისხიანია.
„ექიმმა პაციენტს რეცეპტის გამოწერისას აუცილებელია მიუთითოს როგორც ბრენდი, ისე ჯენერიკი, აუხსნას მათი მოქმედების ეფექტიანობის შესახებ და შემდეგ პაციენტი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძენს მისთვის საჭირო და შესაბამის პრეპარატს. მთავარი სწორად ინფორმირებულობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ექიმების ინფორმირებულობა ბაზარზე არსებული ჯენერიკების, მათ შორის, მათი ეფექტურობისა და ხარისხის შესახებ“, – აღნიშნავს დალი ტრაპაიძე.