მთავარი » ჯანდაცვა » ხელფასი – ექიმების მთავარი თავსატეხი
ხელფასი დაგვიანდა მხოლოდ ორი დღე. ზოგადად ექიმების ხელფასი 10 რიცხვში ერიცხებათ. ამჟამად ექიმებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, თუმცა ეს სიახლე არ არის.

ხელფასი – ექიმების მთავარი თავსატეხი

ექიმებში უკმაყოფილება იზრდება. მათი უმთავრესი პრობლემა გაუცემელი და დაგვიანებული ხელფასებია. ზოგადად კი მედპერსონალის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია.

თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ექიმები უკვე მერამდენედ გაიფცნენ. ამჯერად პროტესტის მიზეზი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კუთვნილი ანაზღაურების დაგვიანება გახდა. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ პრობლემა იაშვილის კლინიკაში კომპანია „ევექსის“ შესვლის შემდეგ შეექმნათ.

კლინიკის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას უარყოფს. ისინი ამტკიცებენ, რომ ერთთვიანი დაგვიანებით ხელფასის აღება სიახლე არ არის და ეს წლებია ასე გრძელდება. იაშვილის კლინიკის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის შოთა ჯოგლიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკისთვის შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ ანაზღაურებს ხელფასებს, რის შემდეგადაც ირიცხება თანხა. ჯოგლიძე ამბობს, რომ ამ თვეში ხელფასმა მხოლოდ ორი დღით დაიგვიანა და ნაცვლად 10 ნოემბრისა მათ ხელფასი 12 ნოემბერს ჩაერიცხათ.

„ამ თვეში ხელფასი დაგვიანდა მხოლოდ ორი დღე. ზოგადად ექიმების ხელფასი 10 რიცხვში ერიცხებათ. ამჟამად ექიმებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, თუმცა ეს სიახლე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს ანაზღაურებს შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ, ანაზღაურებაც შემდეგ ირიცხება. ზუსტად ერთთვიანი დაგვიანებით ირიცხება ანაზღაურება და ეს სიახლე არ არის. 10 წელია ექიმები ხელფასს ასე იღებენ“, – განაცხადა ჯოგლიძემ „ინტერპრესნიუსს“.

მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ექიმების პროტესტი, რადგანაც ხელფასის დაგვიანება მხოლოდ ორი დღით მოხდა. იაშვილის კლინიკის გაფიცული ექიმები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. საბოლოო ჯამში, გაფიცულ მედპერსონალმა კუთვნილი ანაზღაურება მალევე მიიღო და ისინიც სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.

ზოგადად ექიმებისთვის ხელფასის დაგვიანება მთელი ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემაა. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მედიკოსებისთვის კუთვნილი ანაზღაურების გაუცემლობის შესახებ. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინათ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ხელფასი 13 თვეა, არ მიუღიათ. მსგავსი პრობლემა თბილისის სხვა კლინიკების ექიმებსაც აქვთ.

ხელფასებს არა მხოლოდ თბილისის კლინიკებში აგვიანებენ, დაბალ ანაზღაურებაზე და ხელფასის დაგვიანებაზე რეგიონების კლინიკებშიც საუბრობენ. ამ პრობლემის გამო, რეგიონებში საავადმყოფოებს ექიმები ტოვებენ, ხოლო კლინიკების ერთ ნაწილს მუშაობა ძალიან უჭირთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეც ადასტურებს, რომ ექიმებს ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი აწუხებთ. ცოტა ხნის წინათ კაკაბაძემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჯანდაცვაში დიდი პროგრესია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველ რგოლში დასაქმებულ ექიმებს არ აქვთ სათანადო ანაზღაურება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა არ არის, მაგრამ შედარებითი ანალიზის გაკეთებაზე უმჯობესია უკეთესზე ვიზრუნოთ, წარსული უნდა დავივიწყოთ.

გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ექიმების ხელფასი იყოს ისეთი, რომ მათი ღირსება არ ილახებოდეს. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შეასრულონ მოვალეობები თავისუფლად. ფინანსისტი არ ვარ და ვერ დავსახავ სწორ გეგმას, თუ რა მექანიზმით უნდა გაზარდონ მედიკოსების ხელფასები, თუმცა ფაქტია, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს“,

– აღნიშნა ნანა კააკბაძემ და დასძინა, რომ მედიცინა, განათლების პარალელურად, ის სფეროა, რომელიც საზოგადოების სიჯანსაღეზე აგებს პასუხს, ამდენად ამ მიმართულებების გაძლიერება სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

for.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …