დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კონფერენცია გაიმართა თემაზე „ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალური გამოყენება: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“.
როგორც ჟურნალისტებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მალვინა ჯავახაძემ განუმარტა, ხშირად პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ანტიბიოტიკების არასაჭიროებისამებრ დანიშვნა ხდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთეს უქმნის.
მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არ უნდა მოხდეს ალტერნატიული ანტიბიოტიკების დანიშვნა.
„ანტიმიკრობული საშუალებები არიან ის პრეპარატები, რომლმებიც მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე, კერძოდ ბაქტერიებზე, ვირუსებზე, პარაზიტებზე და ა.შ. მათგან ერთ–ერთი ნაწილია ანტიბაქტერიული, ანუ ანტიბიოტიკები. რაც შეეხება ადამიანის მაკროორგანიზმს, რომელშიც შეიჭრება გარკვეული მიკრობი, ამ შემთხვევაში არის საჭირო ანტიმიკრობული საშუალებების დანიშვნა, თუ ეს არის ინფექცია. მაგრამ, ძალიან ხშირად ეს ინფექცია არის მსუბუქი, რომელიც ანტობაქტერიულ თერაპიას არ საჭიროებს.
ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩვენ გვიცავენ სხვა გარედან მოხვედრილი მიკროორგანიზმებისაგან, მათ საშუალება უნდა მივცეთ ჩვენი დაცვის. როდესაც ანტიბიოტიკს გამოვიყენებთ, მას მიმართულება არ აქვს – პათოლოგიურზე იმოქმედებს, თუ ჯანმრთელზე. ძალიან ხშირად ჯანმრთელს უფრო მეტს ანადგურებს, ვიდრე პათოლოგიურს. ეს მავნებლობაა და არა მკურნალობა.
ანტიმიკრობულ საშუალებებს აქვს გვერდითი მოვლენები. იქ ჩვენება ჭარბობს უკუჩვენებას და ამიტომ ვნიშნავთ ალტერნატიულ ანტიმიბკრობულ საშუალებებს. პირველად ჯანდაცვის სისტემაში, საზოგადოებაში შეძენილი ინფექციების შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, როცა არ არის აუცილებელი, არჩევანი არ უნდა გაკეთდეს ანტიმიბკრობულ საშუალებებზე. მოწოდებაა არა მხოლოდ ექიმებზე, რომ უარი ვთქვათ ანტიბიოტიკებზე, არამედ მოსახლეობისადმი.
პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არ უნდა მოხდეს ალტერნატიული ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება. სარეზერვო უნდა შევუნახოთ, ჰოსპიტლებს და მძიმე ინფექციების სამკურნალოდ უნდა გამოვიყენოთ. ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებთ, რამდენიმე წელში მსუბუქი ინფექციაც უკვე განუკურნებელი და ადამიანისთვის მომაკვდინებელი იქნება“, – აღნიშნა მალვინა ჯავახაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო უკვე ქართული ვერსია არსებობს.
მისი განმარტებით, აღნიშნული სახელმძღვანელო ექიმებს დაეხმარება ანტიმიკრობული თერაპია სწორად მართონ.
„ეს არის ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო სახელმძღვანელო, რაციონალურ ანტიმიკრობულ თერაპიასთან დაკავშრებით. ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა 21–ე საუკუნის. რაციონალურად ანტიბიოტიკების დანიშვნა, უაღრესად მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების ხარისხის გაზრდისთვის. ამ წიგნში ძალიან მარტივად, კარგად არის აღწერილი, რა სიტუაციაში, რომელ მიკრობზე, რომელი დაავადების დროს რა ანტიბიოტიკი, რა დოზით , რა ხანგრძლივობით, როგორ უნდა იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.