სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები, ფარმაცია და მედიკამენტები, სტომატოლოგია, სამედიცინო დანადგარები და ტექნოლოგიები, საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები ამ ყველაფრის ნახვა დღეიდან 7 ნოემბრის ჩათვლით მსურველებს შეუძლიათ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“.
სამედიცინო ტექნოლოგიების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ოპტიკის მე–15 საერთაშორისო გამოფენა – Caucasus Healthcare 2015 საგამოფენო ცენტრში დღეს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს შესთავაზებს 40-მდე კომპანიის პროდუქციას შემდეგი ქვეყნებიდან:
ავსტრია, აშშ, ბელორუსია, გერმანია, თურქეთი, ინდოეთი, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ჩეხეთი და სხვა.
გამოფენას უკვე 15 წლიანი წარმატების ისტორია აქვს, მისი მიზანია შემოიტანოს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიები და საერთაშორისო გამოცდილება, დააკავშიროს ერთმანეთს ქართველი და უცხოური კომპანიები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში დარგის განვითარებას.
მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ გამოფენას 5–დან 7 ნოემბრის ჩათვლით 11:00–დან 18:00 საათამდე ა. წერეთლის 118, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე–11 პავილიონში.