მეორე დღეა სასტუმრო ,,რედისონში“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფისა და ქართული მხარის კონფერენცია მიმდინარეობს.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ამზადებს. კონფერენციას საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრი დავით სერგეენკო, საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, უცხოელი ექსპერტები და C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი ,,გილეადის“ ვიცე-პრეზედენტი გრეგ ელტონი ესწრებიან.
,,განხილული იყო უმნიშვნელოვანესი თემა, ინფექციების პრევენცია, რადგან თუ ახალი შემთხვევები მინიმუმამდე არ ჩამოვიყვანეთ ეს პროექტი აზრს კარგავს. ამიტომ განხილული იყო ინფექციებზე კონტროლი, უსაფრთხო სისხლი და ამ მიმართულებით გასაწევი სამუშაოები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
,,გილეადის“ ვიცე-პრემიერის თქმით ამ პროგრამის განხორციელებას არაერთი ქვეყანა აკვირდება და საქართველო შესაძლოა სამაგალითო გახდეს C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით.
,,ეს პროგრამა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. საქართველო შეიძლება გახდეს ამ დაავადებასთან ბრძოლის და მისი დამარცხების მაგალითი“, – აღნიშნა გრეგ ელტონმა.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 6 თვეა ხორციელდება და მკურნალობის პროცესში ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. ჩართული. ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით, უწყების მიზანია წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათას ადამიანს უმკურნალონ.