ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით, ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.
თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
“საქართველოს ევროკავშირთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, რომელთა შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წამლის ხარისხის კონტროლის საკითხია. ვალდებულებებიც, რომ არ არსებობდეს, ფარმაცია ისეთი სათუთი სფეროა, რეგულაციის გარეშე შეუძლებელია ნორმალურად ფუნქციონირებდეს, რაც სახელმწიფოსთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი რისკი იქნებოდა. ქვეყნებმა, რომლებმაც სწორედ ეს გზა გაიარეს, უკვე შეიმუშვეს შესაბამისი თავდაცვითი და ხარისხის კონტროლის მექანიზმები, რომელთა ჩვენს სივრცეში გადმოტანა და ადაპტირებაა აუცილებელი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტანტებთან ერთად ცდილობს იმ რეგულაციებს მივუახლოვდეთ, რაც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები შეგვეტანა წამლის შესახებ კანონში, რომელსაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ საზოგადოებას,“ – განმარტავს ვალერი კვარაცხელია.
რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მასში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.
„ჯენერიკ მედიკამენტები ფარმაკომპანიებს აქამდეც შემოჰქონდათ და მომავალშიც შემოიტანენ. მხოლოდ ორიგინალი და ბრენდული პრეპარატების იმპორტი, რომ ხდებოდეს ქვეყანაში, რა ფასებიც დღეს არსებობს, მასზე 5-ჯერ მეტი იქნებოდა. ზოგიერთმა ქვეყანამ, სადაც ორიგინალი პრეპარატები გადიოდა ტენდერზე, აკრძალეს ეს მიდგომა და ორიენტაცია ჯენერიკებზე აიღეს, რითაც ხარჯები შეამცირეს.
ჯენერიკებს თავისი პლიუსები აქვს თვითღირებულების მხრივ, ამიტომ ახალი ჯენერიკების შემოტანას ქვეყანაში არაფერი აბრკოლებს, პირიქით მათი სპექტრი უნდა გაფართოვდეს. შესაბამისად, ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა იყოს მაღალ დონეზე, რომელიც სწორედ ამ ტიპის წამლის ხარისხის გააკონტროლებდა. ამიტომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას“, – აცხადებს კვარაცხელია.
დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას და ეფექტურს უწოდებს მიღწეულ შედეგებს პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი.
რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივას, რომელსაც მინისტრის გათვლებით ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება განაპირობებს ქირურგი განმარტავს:
„მედიკამენტების გაიაფება მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ფაქტმა განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ და დაუცველ ოჯახებზე იმოქმედა. ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლების სისტემა აპრობირებული და გამართლებულია არაერთ ქვეყანაში.“
არსებობს თუ არა ხარისხიანი ჯენერიკი, მათითაშვილი აღნიშნავს:
„ბრენდი არის სწორედ იმ კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატი, რომელმაც დანერგა, შექმნა და ის მსოფლიოში უკვე პოპულარულია, შესაბამისად, ამ პოპულარობით გარკვეული სივრცეც დაიმკვიდრა. ჯენერიკი არის ის ქიმიური ფორმულა, რომელიც შეიძლება აწარმოოს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, დაბალ ან თუნდაც საშუალო განვითარებულმა ქვეყანამაც კი, მაგრამ იგივე ტექნოლოგიით როგორსაც აწარმოებს ძირითადი მწარმოებელი კომპანია.
ჯენერიკი ეფექტური და ხარისხიანია, რა თქმა უნდა, თუ მას გავლილი აქვს სერთიფიცირება და საერთაშორისო ნორმებს აკმაყოფილებს. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი მიდგომაა: ფასების გათვალისწინებითა და პაციენტის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვნიშნავთ შესაბამის მედიკამნეტებს. დღეს ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი არსებობს, უბრალოდ მის ხარისხის დონეს სპციალური სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს. სამინსიტროს ინიციტივას, რომელიც მედიკამნტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითავლისწინებს, მისასალმებელია.“