შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში მინისტრმა წარმოადგინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები.
სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა: პირველადი ჯანდაცვისრგოლის ჩამოყალიბება, საყოვეტაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
ამასთან,მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას და ეფექტურს უწოდებს მიღწეულ შედეგებს ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი.რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივას, რომელსაც მინისტრის გათვლებით ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება განაპირობებს ქირურგი განმარტავს:
„მედიკამენტების გაიაფება მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ფაქტმა განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ და დაუცველ ოჯახებზე იმოქმედა. გარდა ამისა, ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლების სისტემა აპრობირებული და გამართლებულია არაერთ ქვეყანაში.“
არსებობს თუ არა ხარისხიანი ჯენერიკი, ხარაშვილი აღნიშნავს:
„საზოგადოებაში დიდი გაურკვევლობაა, რადგან მათი ინფორმაციულობის დონე დაბალია. არსებობს ორიგინალი ანუ ბრენდული პრეპარატი, და ასევე ჯენერიკი, რომელიც შეიძლება აწარმოოს სხვადასხავა ლიცენზირებულმა პირმა ან კომპანიამ.
მე ნამდვილად, ვერ განვსაზღვრავ არის თუ არა ის ხარისხიანი პრეპარატი და გამოყენებული უნდა იქნას ქვეყანაში, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. თუმცა ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი შესაძლოა არსებობდეს, უბრალოდ მის ხარისხის დონეს სპციალური ლაბორატორიები უნდა განსაზღვრავდეს და შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებდეს. ამიტომ სამინისტროს ინიციტივას, რომელიც მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითავლისწინებს, მივესალმები.“