სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 22 925 ექიმია, საშუალო რგოლის სამედიცინო კადრების რაოდენობა კი 15 620-ს უტოლდება.
მიუხედავად ჭარბი რაოდენობით დიპლომირებული ექიმებისა, ქვეყანა დასავლური სტანდარტებისა და მოთხოვნილების სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას მაინც განიცდის.
როგორც „რეზონანსს“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოში წლის განმავლობაში 200-ზე მეტი საჩივარი შედის.
„2013 წელს 225 საჩივარი კი შემოვიდა, მაგრამ შემოწმდა 248 დაწესებულება. რადგან ერთი პაციენტის საჩივარში შეიძლება საუბარი იყოს როგორც პოლიკლინიკაზე, ასევე კლინიკაზე. რაც შეეხება შარშანდელ მონაცემებს, 2014-ში 234 საჩივარი შემოვიდა, რის საფუძველზეც რეგულირების სააგენტომ 260 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა“,-განაცხადეს სააგენტოში.
სპეციალისტთა თქმით, ექიმების არაკვალიფიციურობის მიზეზი ისაა, რომ არ ხორციელდება ექიმების უწყვეტი განათლებისა და განვითარების პროექტები.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ირაკლი სასანია „რეზონანსთან“ საუბარში ამობს, რომ ქართველი ექიმების 90% ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში რეზიდენტურადამთავრებულებს აქვთ.
„იმისთვის, რომ ექიმთა კვალიფიკაცია ამაღლდეს, საჭიროა სახელმწიფო და ადგილობრივ ანუ კლინიკების ხელმძღვანელების დონეზე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების პროექტების განხორციელება.
არ შეიძლება 30 წლის წინათ ნასწავლი ლიტერატურით მთელი ცხოვრება მუშაობა.
მედიცინა გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება და ამას ჩვენ ოლიმპიური სიმშვიდით არ უნდა ვხვდებოდეთ.
ქართული რეალობა ისაა, რომ სამედიცინო პერსონალი არ ვითარდება. არ გააჩნიათ არც შინაგანი და არც სხვა მოტივაციის ფაქტორი. არც სისტემა არსებობს იმისთვის, რომ აიძულონ ექიმები, მუდმივად განვითარდნენ. დღევანდელი გამოცდილი ქართველი ექიმების 90% ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში რეზიდენტურადამთავრებულებს გააჩნიათ. ეს არის სამწუხარო და ცუდი რეალობა.
ჩვენ გვაქვს ბევრი დიპლომები, ექიმები და დარგის სპეციალისტები კი, რომლებიც რეალურად დააკმაყოფილებს სამედიცინო მოთხოვნებს, საჭიროებებს, ძალიან ცოტა გვყავს, ამას უჩვენებს ყოველდღიური პრაქტიკა. რეალურად, ჩვენ გვაქვს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის დეფიციტი, როგორც ექთნების, ასევე ექიმების მხრივ“, – აცხადებს სასანია.