მთავარი » ჯანდაცვა » ტუბერკულოზის მართვის მიზნით, შესაძლოა, არანებაყოფლობითი იზოლაცია გამოიყენონ
ჯანდაცვის კომიტეტმა ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის ინიცირების გადაწყვეტილებაც დღეს კომიტეტის სხდომაზე მიიღეს

ტუბერკულოზის მართვის მიზნით, შესაძლოა, არანებაყოფლობითი იზოლაცია გამოიყენონ

ჯანდაცვის კომიტეტმა ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის ინიცირების გადაწყვეტილებაც დღეს კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილება, დაავადების შემთხვევების მართვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა და დაავადებული პირებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

კანონპროექტის მიხედვით ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საშუალებები და ღონისძიებებია: პროფილაქტიკური აცრა, სკრინინგი, ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პირების მოძიების, ინფექციის კონტროლისა და ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტში ასევე ჩამოთვლილია, თუ რა შემთხვევაშია სავალდებულო ტუბერკულოზის გამოკვლევა. აღნიშნული ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებსაც ახლო კონტაქტი აქვთ იმ პაციენტთან, რომელსაც ტუბერკულიოზის დადასტურებული შემთხვევა აღენიშნა.

როგორც პროექტში წერია, ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების მართვის მიზნით, შესაძლებელია, გამოყენებული იყოს არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები. 

პროექტის მიხედვით, არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზანია ტუბერკულოზის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის თავიდან აცილება.

„არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის სავალდებულო გამოკვლევასა და ნებაყოფლობით მკურნალობაში ჩართვის ყველა საშუალება და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების ღონისძიებების გამოყენების გარეშე“, – ვკითხულობთ პროექტში.

არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები შესაძლებელია გატარდეს:

იმ პაციენტების მიმართ, რომელთაც დაუდგინდათ ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, აღენიშნებოდათ ტუბერკულოზის გადამდები ფორმა, მაგრამ უარი განაცხადეს მკურნალობის დაწყებაზე, ასევე – ვინც დაიწყო მკურნალობა, თუმცა შეწყვიტა.

პროექტში აღნიშნულია, რომ არანებაყოფლობითი იზოლაციის დროს არ შეიძლება პირის უფლებებისა და თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. 

კანონპროექტის მიხედვით, არანებაყოფლობით იზოლაციას სახელმწიფო დააფინანსებს.

რაც შეეხება გამოყენების წესებს, თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გადაწყვეტს, რომ პირის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაცია აუცილებელია, იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ერთეულს. ეს უკანასკნელი მიმართვიდან 72 საათის განმავლობაში განიხილავს შუამდგომლობის მიზანშეწონილობას და სასამართლოს მიმართავს იზოლაციის გამოყენების თაობაზე. სასამართლო ამ საკითხს მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში განიხილავს.

პროექტში აღნიშნულია, რომ პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის პერიოდში, ამ პაციენტის იზოლაციის მიზანშეწონილობის შემოსაწმებლად ცენტრთან  შეიქმნება სამედიცინო კომისია, რომელიც 2 თვის ვადის გასვლის შემდეგ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს.

არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით სასამართლოს შეიძლება მიმართოს პაციენტმა, თუ იგი მიიჩნევს, რომ იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მისი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და/ან აღარ არსებობს მისი იზოლაციაში ყოფნის საფუძველი.

იზოლაციისას პირს უფლება აქვს, უზრუნველყოფილი იყოს საკვებით, ჰიგიენის საშულებებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო მომსახურებით. 

მიიღოს ამანათი და ფულადი გზავნილები, ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისარგებლოს წიგნებით, ტელეფონით და მიმოწერით და ა.შ. 

პროექტი ასევე მოიცავს ფულად წახალისებასაც. პაციენტს, მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალური დახმარებით, ფულადი წახალისებით.

ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით,  2014 წელს საქართველოში რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 3 850 შემთხვევა (პენიტენციური სისტემის ჩათვლით), ანუ 100-ზე მეტი – 100 000 მოსახლეზე; მათგან 2 807 შემთხვევა ახალია (75.3 – 100 000 მოსახლეზე).

გასული სამი წლის განმავლობაში დოკუმენტირებულია ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია; 2012-იდან 2014 წლამდე ტუბერკულოზის შემთხვევების შეტყობინებათა მთლიანი რაოდენობა 22.6%-ით შემცირდა, ხოლო ახალი შემთხვევების – 25.7%-ით. მეორე მხრივ, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ წარსულში ნამკურნალევი შემთხვევების წილი ყველა შეტყობინებული შემთხვევიდან 2012 წლის 24.0%-იდან 2014 წელს 27.1%-მდე გაიზარდა. 

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ტუბერკულოზის შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო კვლავ მიეკუთვნება რეზისტენტული ტუბერკულოზის მხრივ „მაღალი ტვირთის“ მქონე ქვეყანას.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა წარმოადგენს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ძირითად გამოწვევას და დაავადების ეფექტიანი კონტროლის მთავარ ბარიერს ქვეყანაში.

liberali.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …