Pfizer-ი ბაზრიდან გაიწვევს 4 მილიონზე მეტ შეკვრა მედიკამენტს, რომელიც თავის ძლიერი ტკივილის დროს გამოიყენება. საუბარია რეცეპტს დაქვემდებარებულ წამალზე Nurtec ODT-ზე, ხოლო მისი ბაზრიდან გაწვევის მიზეზი ისაა, რომ არასათანადო შეფუთვის გამო არსებობს ბავშვების მოწამვლის რისკი.
აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისიამ გამააცხადა, რომ დღეიდან კომპანია 4,2 მილიონ ერთეულ, პერორალურ საშუალებას ბაზრიდან ამოიღებს. კომისია აცხადებს, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელმაც უკვე შეიძინა ეს წამალი, შეუძლია უფასოდ მიიღოს ჩანთა ბავშვებისგან პროდუქტის უსაფრთხოდ დაცვისთვის.
კომისიამ განაცხადა, რომ რეცეპტს დაქვემდებარებული წამლები უნდა იყიდებოდეს ისეთი შეფუთვით, რომელიც ბავშვისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.
„პროდუქტის შეფუთვა არაა დაცული ბავშვებისთვის, რაც ქმნის მოწამვლის რისკს იმ შემთხვევაში, თუ მას მცირეწლოვანი მიიღებს,“ – განაცხადა მან.
მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ეს პრეპარატი, კომისიამ მოუწოდა, სასწრაფოდ მოაცილონ მედიკამენტი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილს. ამასთან, ჯერჯერობით ბავშვების მიერ წამლის დალევის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Pfizer-ი უკვე მუშაობს მედიკამენტის ბლისტერული შეფუთვის შეცვლაზე, რათა ის ხელმისაწვდომი არ იყოს ბავშვებისთვის.
ცნობისთვის: ბლისტერული შეფუთვა არის პლასტიკური შეფუთვის ტიპი. ის წარმოადგენს ნივთების ჩასადებ ბუდეს, რომელიც პლასტმასის ფირფიტისა და „ფოლგისგან“ შედგება და მისგან მედიკამენტის ამოღება მარტივია.