“მივმართავ აფთიაქების მფლობელებს, არ მიგვიყვანონ უკიდურესი ზომების მიღებამდე! სააფთიაქო დაწესებულებების მეპატრონეებმა უნდა აიღონ მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე”,- განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსმა დათო მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განმარტებით, სახელმწიფო ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის ბოლომდე აღმოსაფხვრელად.
„ერთი კანონპროექტი, რომელიც უკვე მომზადებულია და სამთავრობო დონეზე განხილვის პროცესშია ეხება სამართალდამრღვევი აფთიაქების რაოდენობის შემცირებას. მაგალითად წელს 11 აფთიაქს უკვე გაუუქმდა საქმიანობაზე ნებართვა ორზე კი ახლა მიმდინარეობს საქმის წარმოება.
თუმცა არსებობს ერთი პრობლემა. იგივე მისამართზე რეგისტრირდება სხვა იურიდიული პირი, რომლის უკანაც დგას ის ხალხი, ვინც ამ საქმეს აკეთებდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო მუშაობს კანონზე, რომლის თანახმად ავტორიზებული აფთიაქებისთვის ნებართვა გაიცემა გეოგრაფიული და დემოგრაფიული პრინციპით. განისაზღვრება საქართველოში არსებული ავტორიზებული აფთიაქების რაოდეობა.
ამ კანონის შესვლის შემდეგ იმ აფთიაქებს, რომლებსაც გამოუვლინდებათ სამართალდარღვევა, გააუქმდებათ ნებართვა საქმიანობაზე და აღნიშნულ ნებართვას ვეღარ მოიპოვებენ, რადგან განსაზღვრული იქნება, რომელ რეგიონს რამდენი აფთიაქი მოემსახურება.“
დავით მაჭარაძის განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამართალდამრღვევებზე პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემასაც არ გამორიცხავს.
„მივმართავ აფთიაქების მფლობელებს, არ მიგვიყვანონ უკიდურესი ზომების მიღებამდე!” – განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.