ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ COVID-19-ის პანდემია შესაძლოა ჩინეთის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც დაზვერვის საიდუმლო მოხსენების შინაარსს იცნობს.
ვერსია, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გაჟონვის შემდეგ გავრცელდა, ვაშინგტონში პირველად არ გაჟღერებულა. 2021 წლის ივნისში WSJ წერდა, რომ მას, როგორც „სიმართლესთან ახლოს მყოფს“ განიხილავდა აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორია. თუმცა იმავე წლის აგვისტოში ქვეყნის დაზვერვამ ეჭვი შეიტანა ამ თეორიის რეალურობაში. მაშინ ითქვა, რომ ვირუსი, დიდი ალბათობით, ბუნებრივი გზით, ადამიანის დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად გავრცელდა.
WSJ ასევე წერს, რომ COVID-19-ის ლაბორატორიული წარმოშობის ვერსია მხოლოდ დაზვერვის ფედერალურ ბიუროს ჰქონდა, ახლა კი ეს მოსაზრება ენერგეტიკის სამინისტრომაც გაიზიარა, ამასთან გამოცემის ინფორმაციით, ამ ვერსიას ენერგეტიკის სამინისტრო „ალბათობის დაბალი ხარისხით“ განიხილავს.
2021 წლის ოქტომბერში აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა სრული, განსაიდუმლოებული მოხსენება კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, დაზვერვის საზოგადოებამ (IC) უარყო ინფორმაცია, თითქოს ჩინეთმა SARS-CoV-2 შექმნა, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ამასთან, არასაკმარისი მონაცემების გამო ორგანიზაციამ ვერ შეძლო ვერც დადასტურება და ვერც უარყოფა, რომ ვირუსი გენური ინჟინერიის გზით შეიქმნა.
ვირუსის გაჟონვის ვერსიის შესახებ საუბრისას IC აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტს ადგილიც რომ ჰქონოდა, ჩინეთში პირველ ეტაპზე ამის შესახებ არ იცოდნენ. უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, რომელიც SARS-CoV-2-ს სწავლობდა, კვლევა აფეთქების შემდეგ დაიწყო, მანამდე კი ვირუსის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ლაბორატორიაში სხვა კორონავირუსების კვლევა მიმდინარეობდა, ბიოუსაფრთხოების პირობები კი „არაადეკვატური“ იყო, რასაც შეიძლებოდა ლაბორატორიაში რაიმე ინციდენტი გამოეწვია – მაგალითად, თანამშრომლების დაინფიცირება.
თებერვლის შუა რიცხვებში ჯანმომ განაცხადა, რომ წყვეტს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევებს. კვლევის მეორე ფაზა, რომელშიც ვირუსის ლაბორატორიული გაჟონვის ვერსია დეტალურად უნდა ყოფილიყო განხილული, ჩინეთის მიერ ჯანმოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო შეჩერდა.
ამასთან, ორგანიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ ჯანმო ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობას მინიმალურს უწოდებდა.