მთავარი » მსოფლიო » ბრიტანეთში ათასობით ადამიანი Biontech-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევაში ჩაერთვება

ბრიტანეთში ათასობით ადამიანი Biontech-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევაში ჩაერთვება

Biontech-ი დიდ ბრიტანეთში კიბოს რევოლუციური თერაპიის დაწყებას გეგმავს. ამ მიზნით ქვეყანაში იწყება კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ათასობით პაციენტი მიიღებს წვდომას Biontech-ის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

როგორც „შპიგელი“ წერს, Biontech-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბაზარზე კიბოს საწინააღმდეგო რნმ-ვაქცინების გატანის მიზნით.

ათასობით პაციენტზე დაგეგმილი კლინიკური ცდები, რომლებიც დიდ ბრიტანეთთან უკვე შეთანხმებულია, მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.

ამ მიზნით მიმდინარეობს კანდიდატი ვაქცინების, პაციენტებისა და ლოკაციების შერჩევა. თავის ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად Biontech-ს სურს, ეს პროცედურა ყოველდღიური მკურნალობის ნაწილი გახდეს.

„ვფიქრობთ, ეს უფრო ფართო მასშტაბით, პაციენტებისთვის შესაძლებელი იქნება 2030 წლამდე,“ – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა უგურ შაჰინმა.

Biontech-ის თანადამფუძნებელმა და სამედიცინო დირექტორმა ოზლემ თიურეჩიმ აღნიშნა, რომ 2014 წელს ინდივიდუალური კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მათ 3-6 თვე დასჭირდათ, ახლა კი ეს პროცესი 4-დან 6 კვირამდე პერიოდს მოიცავს, მიზანი კი ამ პროცესის 4 კვირაში მოსწრებაა.

ამ ეტაპზე კომპანია კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინას ცდის. ზოგიერთის შემთხვევაში უკვე აღინიშნება კლინიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა აქტიურდება და ზოგიერთი პაციენტის სიმსივნე გაცილებით იკლებს ან ქრება, რეციდივები კი უფრო ნაკლებია.

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Biontech-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ გეგმავენ, სხვადასხვა სახის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები 2030 წლისთვის დაარეგისტრირონ.

ვაქცინის ალგორითმი გულისხმობს იმ ცილის კოდირებას, რომელიც ანტიგენის როლს ასრულებს, რათა იმუნური სისტემა გაააქტიუროს იმ უჯრედებთან საბრძოლველად, რომლებიც ორგანიზმში სიმსივნის წარმოქმნას იწვევს. მარტივად რომ  ვთქვათ, იმუნური სისტემა სწავლობს არა ჯანმრთელი, არამედ დაზიანებული უჯრედების დაშლას.

კომპანიის ლაბორატორიებში უკვე მიმდინარეობს ცდები სხვადასხვა სახის კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინაზე. პირველ რიგში, იმუნოლოგები გეგმავენ კუჭის კიბოს, მელანომის და სხვა სახის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …