ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თურქეთისა და სირიის მიწისძვრის შემდეგ „მეორადი კატასტროფის“ საფრთხეზე მიუთითებს.
ჯანმოს მონაცემებით, მიწისძვრის შემდეგ ქუჩებში ადამიანები „საშინელ პირობებში“ იმყოფებიან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვიოს, ვიდრე უშუალოდ მიწისქვეშა ბიძგებმა.
მიწისძვრას გადარჩენილი ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რამაც შესაძლოა ისეთი მსხვერპლი გამოიწვიოს, რაც თავად მიწისძვრის შედეგად დადგა. ამის შესახებ СNN –თან საუბარში ჯანმოს წარმომადგენელმა რობერტ ჰოლდენმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, გადარჩენილთა დიდი ნაწილი დგას სასმელი წყლის, საწვავის, ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე.
„არის სერიოზული საფრთხე, რომ ჩვენ ვიხილავთ მეორად კატასტროფას, რომელმაც შესაძლოა უფრო მეტ ადამიანს მიაყენოს ზიანი, ვიდრე პირველმა კატასტროფამ მიაყენა, თუკი არ ვიმოქმედებთ იმავე ინტენსივობით, როგორიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს,“ – განაცხადა ჰოლდენმა.
გარდა ამისა, როგორც CNN-ი აღნიშნავს, პრობლემას ართულებს ის ფაქტი, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულ ტერიტორიებზე როგორც თურქეთში, ისე სირიაში ტემპერატურა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ დონეზე დაბლაა. მაგალითად, სირიის ალეპოში ამ დღეებში მინიმალური ტემპერატურა -3-დან -2 გრადუსამდე იყო. ზოგადად კი, თებერვალში, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი საშუალო ტემპერატურა +2,5 გრადუსია.
მანამდე იუნისეფმა განაცხადა, რომ წყლისა და პროდუქტების დეფიციტის წინაშე განსაკუთრებით მწვავედ სირია დგას, სადაც ეპიდემიის საფრთხის წინაშე მილიონობით ადამიანია.