მთავარი » მსოფლიო » სპეციალისტები შეშფოთებულები არიან – მსოფლიოში ჩვილების ხელოვნური კვების ბიზნესი ძლიერდება

სპეციალისტები შეშფოთებულები არიან – მსოფლიოში ჩვილების ხელოვნური კვების ბიზნესი ძლიერდება

მსოფლიოში ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ხსნარის გაყიდვების მოცულობა წლიურად 55 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ საბავშვო ხსნარების ინტენსიური მარკეტინგი ისევ  ძლიერია მიუხედავად იმისა, რომ 1980-იან წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ შეიმუშავა დედის რძის შემცველი ხსნარების მარკეტინგის კოდექსი და რამდენიმე რეზოლუცია.

სამი სტატიის თანახმად, რომელიც დღეს სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა, რძის ხსნარების მწარმოებელთა მარკეტინგული ტაქტიკა ექსპლუატაციური ხასიათისაა და ამ პროცესში ჩარევაა აუცილებელი.

„ახალი კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ რძის ხსნარების მწარმოებელი კომპანიების  ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე უდიდესია. ამასთან, სახელმწიფო პოლიტიკის სერიოზულში ჩავარდნები მილიონობით ქალს არ აძლევს საშუალებას, შვილები ძუძუთი კვებონ, – განაცხადა ჯანმოს მეცნიერ-თანამშრომელმა ნაიჯელ როლინზმა – აუცილებელია ქმედებები საზოგადოების სხვადასხვა სფეროში, რათა დედებს დავეხმაროთ, შვილებს თავიანთი რძე იმდენხანს აჭამონ, რამდენიც სურთ.“

სპეციალისტების თქმით, ძუძუთი კვება ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს აძლევს უდიდეს, შეუცვლელ უპირატესობებს. ეს ეხმარება მათ გადარჩენასა და სრულფასოვან განვითარებაში, ამცირებს ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების რისკსა და ჭარბი წონის მაჩვენებლებს გვიან ასაკში.

ამის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში, 2 ახალშობილიდან მხოლოდ ერთს აძლევენ დედის რძის მიღების საშუალებას დაბადების პირველი საათის განმავლობაში. ხოლო ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე 6 თვემდე ბავშვების მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იმყოფება.

ლანცეტის“ სტატიების ავტორები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ფარგლებში გააძლიერონ ძუძუთი კვების მხარდაჭერა, მათ შორის ანაზღაურებადი სადეკრეტო შვებულების გარანტირების გზით.

ამ ეტაპზე მსოფლიოში ამ კუთხით სათანადო მხარდაჭერა არ აქვს 650 მილიონ ქალს. პრობლემებს კი ამძიმებს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული განცხადებები.

„რძის ხსნარების ინდუსტრია იყენებს ცუდ სამეცნიერო მონაცემებს, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ მათი პროდუქტები აგვარებს ჩვილების განვითარებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს,“ – განაცხადა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინდა რიხტერმა. მისი თქმით, ეს მარკეტინგული ტექნიკა არღვევს 1981 წლის კოდექსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეტიკეტირება არ უნდა ახდენდეს ფორმულის იდეალიზირებას უფრო მეტი რაოდენობის პროდუქტის გაყიდვის მიზნით.

მარკეტინგულ ხერხებს შორისაა, მაგალითად, აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ ხელოვნური კვება მოსახერხებელია დასაქმებული დედებისთვის.

სტატიების ავტორების თქმით, გარდა დედებისთვის ანაზღაურებადი შვებულების მიცემისა, აუცილებელია მედპერსონალის კვალიფიკაციის გაზრდაც, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ ქალებს ბუნებრივი კვების უპირატესობების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამ დრომდე არ აქვს დედის რძის ეროვნული ბანკი. ასეთი ბანკის გახსნა იაშვილის კლინიკაში იგეგმება. ბანკი, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …