ამერიკული კორპორაციის Apple-ის წმინდა მოგება მეოთხე კვარტალში 8%-ზე მეტად დაიკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 14 კვარტლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები არ გაიზრდება. ამის შესახებ Financial Times-ი წერს და აღნიშნავს, რომ Apple-ის ამონაგები გასული წლის იგივე პერიოდის რეკორდული მაჩვენებლის 123,9 მილიარდი დოლარის ქვემოთ იქნება
ჩინეთში iPhone-ების 90% იწარმოება. ამ ქვეყანაზე კორპორაციის შემოსავლების მეხუთედი მოდის. ვირუსის აფეთქების გამო კომპანიამ საჭიროზე 5-15 მილიონით ნაკლები iPhone-ი გამოუშვა.
სირთულეებია უკვე გამოშვებული მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებითაც: პეკინის მთავარ სავაჭრო რაიონში მდებარე Apple-ის ერთერთ მაღაზიას სამუშაო საათების შემცირება მოუწია, რადგან ყველა თანამშრომელი დაავადდა. მუშა ხელი არასაკმარისია საწარმოო ხაზებზეც.
ჩინეთი ცდილობდა კორონავირუსის აღმოფხვრას და არა მის გაკონტროლებას, რის გამოც ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა – ამის შესახებ ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომელიც გაეროსთან, კოვიდის გავრცელებაზე რეაგირების მიმართულებით თანამშრომლობს. მისი თქმით, უახლოესი 2-6 თვე იქნება გადამწყვეტი Apple-ის მიწოდების სტაბილურობის კუთხით, ჩინეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე.
„დანარჩენმა მსოფლიომ შეიმუშავა სტანდარტები, თუმცა ჩინეთმა პრაქტიკულად ვერ შეძლო, ეიძულებინა კომპანიები, მიეღოთ ეს სტანდარტები,“ – განაცხადა ექსპერტმა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დეკემბრის დასაწყისიდან ჩინეთში COVID-19-ით ქვეყნის მოსახლეობის 18% დაავადდა. ამასთან, მხოლოდ ერთ დღეში – 20 დეკემბერს კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ესაა პანდემიის შემდეგ უმსხვილესი კოვიდაფეთქება ამ ქვეყანაში.
ინფიცირების მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ პეკინის მიერ „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკის გაუქმებასა და, შესაბამისად, რეგულაციების მოხსნას უკავშირდება.