ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთის საავადმყოფოები კოვიდპაციენტებით ივსება.
ექიმი მაიკლ რაიანი ამბობს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გავსებულია იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური პირები „შედარებით დაბალ“ მაჩვენებელზე საუბრობენ.
ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ოთხშაბათს არცერთი კოვიდპაციენტი არ გარდაცვლილა, თუმცა არსებობს სხვა საფრთხეები.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთს კოვიდაფეთქების ახალი ტალღა დაატყდა თავს. 2020 წელს ქვეყანამ, „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკის ფარგლებში მკაცრი შეზღუდვები აამოქმედა. თუმცა მთავრობამ ამ ზომების უმეტესობა ორი კვირის წინ, საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გააუქმა. მას შემდეგ დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის ზრდის საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, ორშაბათს კოვიდისგან მხოლოდ ორი პაციენტი გარდაიცვალა, სამშაბათს კი – ხუთი.
ჯანმოს საგანგებო სიტუაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ექიმმა რაიანმა ჩინეთს მოუწოდა, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.
„ჩინეთში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა მცირე რაოდენობაზე იყო საუბარი, თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ივსება,“ – აღნიშნა მან.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა კი ჟენევის ყოველკვირეულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ჩინეთში არსებული სიტუაციით.
ექიმ რაიანის თქმით, ვაქცინაცია – ესაა გამოსავლის სტრატეგია კორონავირუსის აფეთქებებიდან.
მისივე განცხადებით, ჩინეთმა შექმნა და აწარმოა საკუთარი, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, თუმცა ისინი ნაკლებ ეფექტიანი აღმოჩნდა სერიოზული დაავადებების და გარდაცვალების თავიდან აცილების კუთხით, ვიდრე რნმ-ვაქცინები, რომლებსაც დანარჩენი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი იყენებს.
ოთხშაბათს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩინეთში BioNTech-ის ვაქცინის პირველი პარტია გაგზავნა. ესაა პირველი უცხოური კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩინეთმა მიიღო.