მთავარი » მსოფლიო » საქართველომ უკრაინაში გენერატორები გაგზავნა – მათ ნაწილს საავადმყოფოებში გამოიყენებენ

საქართველომ უკრაინაში გენერატორები გაგზავნა – მათ ნაწილს საავადმყოფოებში გამოიყენებენ

საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გენერატორები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა და მათი საერთო ღირებულება 1,5 მლნ ლარია.

უწყების ცნობით, გენერატორების საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა.

გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც საქართველოს მთავრობას, პირადად, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს გაგზავნილი მაღალი სიმძლავრის გენერატორების პარტია უკრაინაში, მცირედით მაინც შეუმსუბუქებთ უკრაინელ ხალხს არსებულ პრობლემებს.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის – საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში,“ – განაცხადა კასიანოვმა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …