მთავარი » მსოფლიო » ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც სიგარეტის რეალიზაციას კრძალავს

ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც სიგარეტის რეალიზაციას კრძალავს

ახალი ზელანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი, რომლითაც მოქალაქეებისთვის სიგარეტის მიყიდვა აიკრძალება.

The Guardian-ის ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა 14 წლის ან უმცროსი ასაკის არიან, არასდროს მიეცეთ სიგარეტის ლეგალურად შეძენის საშუალება.

„ათასობით ადამიანი უფრო დიდხანს იცოცხლებს და უფრო ჯანმრთელი იქნება, ჯანდაცვის სისტემა კი 5 მილიარდი დოლარით მეტ ფულს მიიღებს, რადგან ადამიანებს აღარ დასჭირდებათ იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც მოწევითაა გამოწვეული. ასევე აღარ იქნება კიბოს სხვადასხვა სახეობა, ინსულტები, ინფარქტები და ამპუტაციები,“ – განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აიშა ვერალმა.

კანონის თანახმად, თამბაქოს ლეგალური გაყიდვა აიკრძალება იმ ადამიანებზე, რომლებიც 2009 წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ დაიბადნენ.

ასევე გათვალისწინებულია სხვა ზომები, რომლებიც სიგარეტზე წვდომის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ამ ზომებს შორისაა თამბაქოს ნაწარმში დაშვებული ნიკოტინის რაოდენობის შემცირება და მათი გაყიდვა მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში და არა – სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში.

ამასთან, იმ მაღაზიების რაოდენობა, რომლებსაც კანონი სიგარეტის გაყიდვის უფლებას მისცემს, ქვეყნის მასშტაბით ახლანდელი 6 ათასიდან 10-ჯერ, 600-მდე მცირდება.

კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა. ახალი ზელანდიის მიზანია, 2025 წლისთვის ქვეყანა „თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი“ გახადოს.

ამასთან, კანონი არ ზღუდავს ვეიპების რეალიზაციას.

ნოემბერში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მწეველების რაოდენობა ახალ ზელანდიაში 8%-მდე შემცირდა შარშანდელი 9,4%-დან, რაც დაკვირვების პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თუმცა ვეიპების მოხმარების ზრდა უფრო დიდია, ვიდრე მწეველთა რაოდენობის შემცირება: მოზრდილი მოსახლეობის 8,3% ელექტრონულ სიგარეტს ყოველდღიურად მოიხმარს, შარშან კი ამ კატეგორიის ადამიანების წილი მოზრდილ მოსახლეობაში 6,2% იყო.

„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა არასდროს დაიწყონ მოწევა, ამიტომ მათთვის მოსაწევი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას და მიწოდებას დანაშაულად ჩავთვლით. მწეველთა რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. ჩვენი მიზანი, 2025 წლისთვის უარი ვთქვათ თამბაქოს კვამლზე, სავსებით მიღწევადია,“- განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ ივლისში, როცა კანონპროექტი პირველი მოსმენისთვის წარადგინა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …