მთავარი » მსოფლიო » კლინიკები დენის, წყლისა და გათბობის გარეშე – უკრაინაში გეგმიურ ოპერაციებს აღარ ჩაატარებენ

კლინიკები დენის, წყლისა და გათბობის გარეშე – უკრაინაში გეგმიურ ოპერაციებს აღარ ჩაატარებენ

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდების შესაძლო ავარიული წყვეტის გამო გეგმიური ჰოსპიტალიზაცია შეწყდეს.

„ერ ბე კა უკრაინას“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია სამინისტროს წერილში, რომელიც კიევის საქალაქო და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციებმა მიიღეს.

გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნაა, სამედიცინო დაწესებულებებმა შეამოწმონ ავარიული და სარეზერვო ელექტრომომარაგების, ასევე გათბობის წყაროების არსებობა, გენერატორების მდგომარეობა, საწვავის, წყლის, მედიკამენტებისა და პროდუქტების მარაგები, რაც მათ ერთი თვის განმავლობაში უნდა ეყოთ.

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელმა ნატალია ვიშნევსკაიამ განაცხადა, რომ გეგმიური ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.

„არის ცალკეული შემთხვევები – არა ურგენტული, როდესაც, მაგალითად, გეგმიური მკურნალობის გადავადებამაც შესაძლოა მოგვიანებით გარკვეული პათოლოგიის მკურნალობა გაართულოს. ასეთ შემთხვევაში ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჰოსპიტალიზაციის შესახებ და მას ვერავინ ეტყვის, რომ ეს დაგეგმილი ან დაუგეგმავი შემთხვევაა. ეს ნაცადი მექანიზმია, რომელიც უკვე გამოყენებული გვაქვს კოვიდ 19-ის აფეთქების დროს,“ – განაცხადა ვიშნევსკაიამ.

რაც შეეხება რუსეთის აგრესიის პირობებში მომუშავე კლინიკებს უკრაინაში, პრეზიდენტის ოფისის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციის ახალი გეგმა გულისხმობს დარტყმების განხორციელებას მინუს ტემპერატურაზე, რათა უკრაინელები გათბობისა და შუქის გარეშე დატოვოს.

„მათ სურთ დააჩოქონ ჩვენი სამშობიარო სახლები, საავადმყოფოები, რათა ჩვენმა ბავშვებმა ინჰალატორებით გათბობის ცენტრებში ისუნთქონ,“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლებები აქტიურად ამზადებენ საავადმყოფოებს რთულ პირობებში სამუშაოდ.

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმით, საავადმყოფოები დაიყოფა ორ დონედ – ერთი ნაწილი იმუშავებს ისეთ პირობებში, როდესაც შუქი არ არის, ხოლო მეორე ნაწილი ისეთ პირობებში, როდესაც არც შუქია, არც წყალი და არც გათბობა. ეს უკანასკნელნი ინტერნეტთან წვდომის მიზნით ასევე იქნებიან  უზრუნველყოფილნი Starlink-ის სისტემით.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …