მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური ვაქცინა, რომელიც გრიპის 20 სახეობის წინააღმდეგაა მიმართული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პრეპარატი MRNA-ს ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში. ის შეიცავს ყველა ცნობილი ვირუსის ელემენტებს და მოწოდებულია, ადამიანები დაიცვას ახალი შტამებისგანაც კი, რომლებმაც შესაძლოა პანდემია გამოიწვიონ.
ყველა არსებული ვაქცინა განახლებას საჭიროებს, რათა დაეწიონ ვირუსების მუტაციას, ამიტომ ისეთსავე სანდო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ჯერჯერობით ახალი ვაქცინა ცხოველებზე გამოსცადეს და ახლა მეცნიერები მისი ადამიანებზე გამოცდის ეტაპისთვის ემზადებიან. ექსპერტების ვარაუდით, ახალი ვაქცინა 2024 წლისთვის გამოვა.
აშშ-ში მიმდინარე კვლევების შედეგების თანახმად, კლინიკური ექსპერიმენტების პერიოდში, რომლებიც თაგვებზე ტარდება, ახალმა ვაქცინამ კარგი შედეგები აჩვენა გრიპის იმ ყველა სახეობის მიმართ, რომლებიც ამჟამადაა ცნობილი.
ეს მიღწევა პოტენციურად ქმნის შესაძლებლობას, შეიქმნას უნივერსალური ვაქცინა, რომლის დახმარებითაც კაცობრიობა გრიპის მომავალი პანდემიების თავიდან აცილებას შეძლებს.
ვაქცინა შექმნილია იმავე პრინციპით, რომლებსაც გამოიყენებდნენ Pfizer, BioNTech და Moderna კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატის შემუშავებისას.
ვაქცინა ვერ გამოიწვევს სეზონური გრიპის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობას, თუმცა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს სამუშაოს ექიმებს, რომლებიც იძულებულნი არიან, ცვალონ ვაქცინის ფორმულა იმის იმედით, რომ ის პაციენტებს ახალი შტამებისგან დაიცავს.
„მე ზუსტად ვიცი, რომ ვაქცინა გამოვა, და სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რამდენად მნიშვნელოვანი გარღვევაა ეს კვლევა. MRNA-ს ტექნოლოგიის წყალობით ვაქცინას ექნება შესაძლებლობა, დაიმორჩილოს რესპირაციული დაავადებების ჯუნგლების ორი ცხოველი – კოვიდი და გრიპი. უახლოეს წლებში ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება,“ – განაცხადა პროფესორმა ჯონ ოქსფორდმა. ახალი ვაქცინა პერიოდულად უნდა განახლდეს, რათა ახალი შტამების მიმართ ეფექტიანი იყოს. თუმცა, პროფესორ ოქსფორდის განცხადებით, ის პოტენციურად მრავალი ათასი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.
„ნახეთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა კოვიდის გამო და რამდენი გადაარჩინეს შემდგომ ახალმა ვაქცინებმა. ჩვენ ხშირად ბოლომდე ვერ ვაფასებდით გრიპის ვირუსების საფრთხეს. ჩვენ მათ უნდა მივხედოთ ისევე, როგორც კოვიდს მივხედეთ. ვფიქრობ, რომ გრიპი მომდევნო მსხვილი მხეცია, რომელიც უნდა მოვათვინიეროთ,“ – დასძინა პროფესორმა.
ლაბორატორიული ექსპერიმენტების პროცესში ცდებში ჩართულ ცხოველებში დაფიქსირდა, რომ ისინი ა და ბ გრიპის 18 შტამისგან იყვნენ დაცულები. პრეპარატის მიღების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები კი სისხლში ინექციიდან სულ მცირე ოთხი თვის განმავლობაში შენარჩუნდა.
მკვლევარების მონაცემებით, ვაქცინამ შეამცირა დაავადების სიმპტომები და თავიდან აგვაცილა ლეტალური გამოსავალი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველები იმ ვირუსით დაასნებოვნეს, რომელთა ელემენტებიც არ იყო ვაქცინაში. ამასთან, ვაქცინის შემქმნელების თქმით, პრეპარატი დაინფიცირებისგან დაცვის გარანტიას არ იძლევა.
„იდეა იყო ის, რომ შეგვექმნა ვაქცინა, რომელიც ადამიანებს მისცემდა ბაზისურ იმუნურ მეხსიერებას გრიპის სხვადასხვა შტამის მიმართ. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებდა დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილის შემთხვევებს მორიგი პანდემიის დროს,“ – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის მკვლევარმა სკოტ ჰენსლიმ.
სპეციალისტების განმარტებით, ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტების მიუხედავად, ვაქცინის ეფექტიანობაზე მსჯელობა მხოლოდ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევების შემდეგ იქნება შესაძლებელი.