ზამთარი უკრაინის ჯანდაცვის სფეროში ახალ კრიზისს გამოიწვევს. ასეთ პროგნოზს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ ზამთარში უკრაინაში დაბალი ტემპერატურის გამო, მოსალოდნელია რესპირატორული დაავადებების აფეთქება, გადაციებისა და გაყინვის ფაქტები, რასაც რუსეთის სარაკეტო დარტყმები დაამძიმებს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რომელიც უკრაინის მთავრობის მონაცემებს ეყრდნობა, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაინგრა 800 ათასზე მეტი სახლი, ხოლო ათასობით ადამიანი ცხოვრობს ან ლტოლვილების ცენტრებში ან დაზიანებულ სახლებში.
“უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი დაუცველია, გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეში, ცხოვრობს არასტანდარტულ შენობებში ან არ აქვს წვდომა გათბობაზე. ამან შესაძლოა გამოიწვიოს გაყინვა, პნევმონია, ინსულტი და გულის შეტევა,” – განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლიუგემ.
ჯანმოს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზე 620 შეტევა განხორციელდა, რამაც ისედაც მოწყვლად მოსახლეობას სამედიცინო დახმარებაზე წვდომა შეუზღუდა.
მიმდინარე კვირაში რუსმა აგრესორებმა შეტევები მიიტანეს ელექტრომომარაგებაზე 15 რეგიონში, მათგან 10-ში დენი გაითიშა. ჯანმო სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის ელექტროგენერატორებს, ჟანგბადს და სხვა აღჭურვილობებს, ასევე მუშაობს სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებაზე განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც რუსული ოკუპაციისგან ახლახანს გათავისუფლდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყოველ მესამე ადამიანს არ აქვს წვდომა წამლებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი ყოველი მეხუთეა.
ჯანმოში აცხადებენ, რომ რაკეტები ჯერ კიდევ დაფრინავენ, ამიტომ უნდა იყოს მზადყოფნა ადამიანების გადაადგილების მომდევნო ტალღისთვის.