მთავარი » მსოფლიო » პოსტკოვიდური გართულებები ქალებში ორჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში

პოსტკოვიდური გართულებები ქალებში ორჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში

ახალი მოდელირება, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მიერ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში, ცხადყოფს, რომ პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრ ქვეყანაში, სულ მცირე, 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა პოსტ-კოვიდური მდგომარეობა, ასევე  ცნობილი როგორც „ხანგრძლივი კოვიდი“. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმოს ევროპის ბიურო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია:

კვლევა აჩვენებს, რომ 2020-დან 2021 წლამდე პოსტ-კოვიდური მდგომარეობის ახალი შემთხვევები 307%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია COVID-19 შემთხვევების სწრაფი ზრდით 2021 წლის განმავლობაში. კვლევის მიხედვით, ქალებს იგი ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, მისი განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება COVID-19-ის რთული ფორმების შემდგომ, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ხანგრძლივი COVID-ის შესახებ, განსაკუთრებით კი, თუ როგორ ვლინდება იგი ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პოპულაციებში და როგორ მოქმედებს ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში, ეს მონაცემები ხაზს უსვამს მეტი ანალიზის, ინვესტიციის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის აუცილებლობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს მდგომარეობა უვითარდება“, – ამბობს ჰანს ჰენრი პ. კლუგე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი, – „მილიონობით ადამიანს ჩვენს რეგიონში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, აწუხებს დამქანცველი სიმპტომები პირველი ინფიცირებიდან მრავალი თვის შემდეგ. მთავრობებმა და ჯანდაცვის პარტნიორებმა უნდა ითანამშრომლონ კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

პოსტკოვიდური მდგომარეობა ანუ ხანგრძლივი კოვიდი იმ გრძელვადიანი სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანებს COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ უვითარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა COVID-19-საგან სრულად ჯანმრთელდება, შეფასებით, მათგან 10-20%-ს უვითარდება სხვადასხვა საშუალო ან გრძელვადიანი სიმპტომი, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი და გონებრივი შეფერხება ანუ გონების დაბინდვა (მაგალითად, დაბნეულობა, გულმავიწყობა ან კონცენტრაციისა და სიცხადის შეგრძნების ნაკლებობა). პოსტ-კოვიდური მდგომარეობა პირდაპირ და ირიბად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ხანგრძლივი ტანჯვა და სტრესი გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს COVID-19-ით საწყისი ინფიცირებისას ან გამოჯანმრთელების შემდეგაც. ისინი შეიძლება გაქრეს და გარკვეული დროის შემდეგ ისევ განვითარდეს. მდგომარეობა გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე შეასრულოს ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო სამუშაო. ხანგრძლივი კოვიდი ჩვეულებრივ ვითარდება COVID-19-ით ინფიცირებიდან სამი თვის განმავლობაში. სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში და ვერ ხერხდებოდეს მათი ალტერნატიული დიაგნოზით ახსნა.

ჩვენს ცოდნაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხანგრძლივი COVID-ით დაავადებულთა მხარდასაჭერად ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი თანამშრომლობს Long COVID Europe-თან, ორგანიზაციასთან, რომელიც მოიცავს 19 პაციენტთა ასოციაციას ევროპის ქვეყნებში.

Long COVID Europe და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა ოფისმა შეიმუშავეს 3 მიზანი, რისი მეშვეობითაც მოუწოდებენ მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანოებს ყურადღება გაამახვილონ ხანგრძლივ კოვიდზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც ის უვითარდებათ.

 

  • დაავადების აღიარება და ცოდნის გაზიარება. ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელშიც ყველა სერვისი ადეკვატურად არის აღჭურვილი და არცერთი პაციენტი არ არის უგულებელყოფილი და არ უჭირს ნავიგაცია სისტემაში, რომელმაც უნდა აღიაროს ეს მდგომარეობა და უნდა იყოს მზადყოფნაში.
  • კვლევა და შეტყობინება შემთხვევათა მონაცემების შეგროვებისა და შეტყობინების გზით, და კარგად კოორდინირებული კვლევის მეშვეობით, პაციენტების სრული მონაწილეობით. ეს აუცილებელია პოსტ-კოვიდური მდგომარეობის პრევალენტურობის, მიზეზებისა და ხარჯების გასაგებად.
  • რეაბილიტაცია, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებსა და ეფექტურობას და უსაფრთხოა როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათი მომვლელებისთვის.

 

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …