შვედეთი უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო 500 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას გადასცემს. საუბარია Pfizer / BioNTech-ის წარმოების პრეპარატზე, რომელიც ვაქცინის ახალი თაობაა და „ომიკრონის“ შტამზეა ადაპტირებული.
„უკრაინა იქნება მსოფლიოს ერთერთი პირველი ქვეყანა ევროკავშირის მიღმა, რომელიც ადაპტირებულ ვაქცინას მიიღებს,“ – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ახლა „ფაიზერის“ ვაქცინის დეფიციტია, რის გამოც ბუსტერდოზების, მათ შორის მეორე ბუსტერის გაკეთების პრობლემაა.
უკრაინაში 5-დან 11 სექტემბრის მდგომარეობით ინფიცირების 24 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. ჰოსპიტალიზაცია 5 ათასამდე პაციენტს დასჭირდა, გარდაიცვალა 70 ადამიანი.
პანდემიის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსს 109 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.