მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში ბავშვების გეგმიური აცრების უპრეცედენტო ვარდნაა – უკვე ფიქსირდება ინფექციების აფეთქებები

მსოფლიოში ბავშვების გეგმიური აცრების უპრეცედენტო ვარდნაა – უკვე ფიქსირდება ინფექციების აფეთქებები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით,  ბოლო 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ბავშვების ვაქცინაციის ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა.

კერძოდ, იმ ბავშვების წილი, რომლებსაც მიღებული აქვთ დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას ვაქცინები, რაც ეროვნულ და ნაციონალურ დონეებზე იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელს განსაზღვრავს, 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში 5%-ით შემცირდა და 81%-ს შეადგენს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 2021 წელს დასახელებული ვაქცინების ერთი ან მეტი დოზა 25-მა მილიონმა ბავშვმა არ მიიღო.

სპეციალისტების თქმით, ვაქცინაციის დონის ასეთი ვარდნა სხვადასხვა გარემოებითაა გამოწვეული: გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც კონფლიქტების პირობებში ცხოვრობენ, სადაც იმუნიზაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ასევე გაიზარდა დეზინფორმაციის დონე, ნეგატიური როლი შეასრულა კოვიდ-19-ის პანდემიამაც.

„ესაა განგაშის სიგნალი, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის შექმნილ საფრთხეებზე მიგვანიშნებს. შედეგები სიცოცხლეებით გაიზომება,“ – განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა.

მისი თქმით, მართალია, კოვიდის გამო, ლოკდაუნების პირობებში, ვაქცინაციის შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ვარდნა დღესაც გრძელდება და პანდემია აღარაა გამართლება.

ამიტომ, მისივე განცხადებით, აუცილებელია „გაცდენილის ასანაზღაურებელი“ ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გავხდებით ახალი დაავადებების აფეთქებისა და დაავადებული ბავშვების რაოდენობის ზრდის, ასევე ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლის გაძლიერების მომსწრენი.

სპეციალისტების ინფორმაციით, იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებმაც ვაქცინაცია ჩააგდეს, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.

ასევე მეოთხედით შემცირდა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ 2021 წელი აღდგენის წელი იქნებოდა, როცა კვლავ გააქტიურდებოდა იმუნიზაციის პროგრამები. ამის ნაცვლად მივიღეთ ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური ვარდნა 2008 წლის შემდეგ პერიოდში.

იმუნიზაციის უპრეცედენტო ვარდნა ხდება ბავშვების არასრულფასოვანი კვების პრობლემების ფონზე, რის გამოც მოზარდებს არ აქვთ სათანადო იმუნიტეტი, შედეგად სხვადასხვა ინფექციამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

თუმცა არის წარმატებული მაგალითებიც. მაგალითად პაკისტანმა, მთავრობის აქტიურობით, შეძლო იმუნიზაციის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო 12 თვეში ვაქცინაციის არასაკმარისმა მოცვამ უკვე გამოიწვია წითელასა და პოლიომელითის აფეთქებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

სპეციალისტები მოუწოდებენ მთავრობებს, გაააქტიურონ იმუნიზაციის „ასანაზღაურებელი“ პროგრამები, დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინების აუცილებლობასა და უვნებლობაში და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის 2030 წლის მიზნების მიღწევას.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …