ომის გამო უკრაინაში მასობრივად იღუპებიან ცხოველები და მცენარეები, მკვეთრად გაიზარდა ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
როგორც გამოცემა „უნიანი“ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ნავთობბაზების დაბომბვის შედეგად ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობამ 290 ათას ტონას გადააჭარბა.
ქვეყნის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის რუსლან სტრელეცის განცხადებით, უმსხვილესი მეტალურგიული კომბინატი ამ რაოდენობის ნივთიერებებს 1,5 წელიწადში გამოყოფს.
„ის მათ გამოყოფს თანმიმდევრობით, რაც ამცირებს კონცენტრაციას, თუმცა ასეთი ლოკალური გავლენა არ აქვს. ხოლო როცა ეს ყველაფერი უდიდესი ღრუბლის სახით ადის ზევით – ესაა კატასტროფული ისტორია და ჩვენ ვერ გავაკეთებთ პროგნოზს, სად გადაადგილდება ის და სად წამოვა მჟავა-წვიმა ან რა გავლენას მოახდენს წყლის რესურსებსა და გამწვანებაზე. აბსოლუტურად არაკონტროლირებადი სიტუაციაა. დარწმუნებული ვარ, ესაა დანაშაული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გარემოს მიმართ, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოს ბუნების წინააღმდეგ,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე მტკიცებით, მთელ ამ ზარალზე პასუხისმგებლობა აგრესორს საერთაშორისო სასამართლოებზე მოეთხოვება.
„ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც ნამდვილად მიიღებს ანაზღაურებას ყველა იმ ზარალზე, რომელიც ჩვენს გარემოს ადგება,“ – აღნიშნა სტრელეცმა.
აპრილში ავიადარტყმების შედეგად განადგურდა უკრაინის ერთადერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კრემენჩუგში. რუსმა აგრესორებმა ასევე დაბომბეს 20-მდე ნავთობბაზა. ზოგადად კი, უკრაინის ეკოლოგია ომის გამო კატასტროფულ შედეგებს განიცდის. ქვეყანაში 20 ათასზე მეტი სამრეწველო ობიექტი და ათასობით საწყობია თავმოყრილი, სადაც მაღალტოქსიკური ნარჩენები ინახება. სწორედ ეს ობიექტები ხდება ხშირად რუსი ოკუპანტების სამიზნე.
გარდა ამისა, ომის გამო ტყეების ხანძრების ფართობი 100-ჯერ გაიზარდა, 4 თვეში დაფიქსირდა ეკოციდის (მცენარეული და ცხოველური სამყაროს მასობრივი განადგურების) 250 შემთხვევა.
ექსპერტების პროგნოზებით, ეს სიტუაცია უკრაინის მოსახლეობაში ფილტვებისა და ონკოლოგიური დაავადებების გახშირებას გამოიწვევს.
„უნიანის“ ინფორმაციით, ბოლო 4 თვეში შავ ზღვაში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 3 ათასი დელფინი აღმოაჩინეს.