მთავარი » მსოფლიო » „როგორც ექიმმა, მე არ შემიძლია მივიღო პოზიცია “თავი დაანებე მოწევას ან მოკვდი”, როგორც ერთადერთი არჩევანი“

„როგორც ექიმმა, მე არ შემიძლია მივიღო პოზიცია “თავი დაანებე მოწევას ან მოკვდი”, როგორც ერთადერთი არჩევანი“

ინტერვიუ დოქტორ დავიდ ჰაიატთან (David Khayat), საფრანგეთის კიბოსთან ბრძოლის  ეროვნული ინსტიტუტის ყოფილ პრეზიდენტთან. 

 ავტორი: ნიკოლას უოლერი

ფოტოზე – დოქტორი დავიდ ჰაიატი, საფრანგეთის კიბოსთან ბრძოლის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი, პარიზის ბიზეს სახელობის  კლინიკის  სამედიცინო ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

რამდენიმე ათეული წელია, რაც მთელი მსოფლიო აცნობიერებს მოწევით გამოწვეულ რისკებს და მავნე ჩვევის თავის დანებების აუცილებლობას ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, თუმცა ყველას როდი შეუძლია ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა. ტრადიციული სიგარეტი შეიცავს 6000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას და ულტრა წვრილ ნაწილაკებს. 93 მათ შორის შესულია აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) პოტენციურად მავნე ნივთიერებათა ჩამონათვალში. მათი უმეტესობა კი, დაახლოებით 70 არის, ან პოტენციურად არის კანცეროგენული [ნივთიერება]. ამასთან, საბოლოო შედეგი უცვლელი რჩება – მოწევა გულ-სისხლძარღვთა და კიბოს სხვადასხვა ფორმის დაავადებათა უმნიშვნელოვანეს რისკფაქტორს წარმოადგენს.

და მაინც, მიუხედავად ემპირიული მონაცემებისა, რომელიც მოწევით გამოწვეულ რისკებს თვალნათლივ ავლენს, კიბოს დიაგნოზის მქონე პირთა 60%-ზე მეტი კვლავაც აგრძელებს მოწევას.

თუმცა სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირებას ისეთი ალტერნატიული გადაწყვეტილების საშუალებით, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო, საერთო მიზნის მისაღწევად – მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის ზიანი, რომელსაც ადამიანები არაჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევის შედეგად განიცდიან, და ამავე დროს იმგვარად, რომ არ იქნას შეზღუდული ან დარღვეული მათი პერსონალური არჩევანის უფლება.

ზიანის შემცირების კონცეფცია შეეხება პროგრამებსა და პრაქტიკებს, რომელთა მიზანია ჯანმრთელობასა და სოციალურ სფეროზე იმ ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება, რომლებიც უკავშირდება ისეთი მავნე პროდუქტის მოხმარებას, როგორიცაა სიგარეტი. სამეცნიერო საზოგადოებასა და პრაქტიკოს მედიკოსთა წრეებში  აღნიშნავენ, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო, როგორც რისკის შემცველი მოდიფიცირებული პროდუქტები, შესაძლოა დაეხმაროს მწეველებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაზე უარის თქმის პროცესში.

ამასთან, გასახურებელი თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტის ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად დიდი უფსკრული გაჩნდა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების  გამოყენების, როგორც პრაგმატული და რეალისტური მიდგომის, მხარდამჭერებსა და მათ შორის, ვინც თვლის, რომ პრევენცია და მოწევისთვის თავის დანებება თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიებით და გადასახადების გაზრდით ერთადერთ აუცილებელ მეთოდს წარმოადგენს მავნე პროდუქტების მოხმარების შესაჩერებლად.

დოქტორი დავიდ ჰაიატი, საფრანგეთის კიბოსთან ბრძოლის  ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი და პარიზის ბიზეს სახელობის  კლინიკის  სამედიცინო ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ძლიერი ადამიანია, რომელიც გამოდის მისი თქმით, ისეთი არაეფექტური და იმპერატიული ლოზუნგების წინააღმდეგ, როგორიცაა “თავი დაანებე მოწევას ან მოკვდი”.

„როგორც ექიმმა, მე არ შემიძლია მივიღო “თავი დაანებე მოწევას ან მოკვდი”, როგორც ერთადერთი არჩევანი, რომელსაც მწეველ პაციენტს სთავაზობენ“, – წინასწარვე განმარტა დოქტორმა ჰაიატმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ „უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის განმსაზღვრელ პირთა დარწმუნებაში, რათა გადასინჯონ თამბაქოს კონტროლის სტრატეგიები და მათი განსაზღვრისას იყვნენ უფრო მეტად ინოვაციურნი, მათ შორის გააცნობიერონ, რომ ადამიანთა მხრიდან არასწორი ქცევის გარკვეული დონეები გარდაუვალია, მაგრამ ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვა და მათი ქმედებების შედეგების შესახებ ავის მომასწავებელი გაფრთხილება ჯანმრთელობის რისკის შესამცირებლად “პერსპექტიულ გზას არ წარმოადგენს”.

ვარშავაში, პოლონეთში, ნიკოტინთან დაკავშირებით გლობალურ ფორუმში მონაწილეობის დროს  დოქტორი ჰაიატი „ახალი ევროპის“ (New Europe) რედაქციას ესაუბრა აღნიშნულ საკითხებზე და საკუთარ ხედვაზე მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ახალი ევროპა: მსურს ჩემი კითხვა გარკვეულწილად პირადი კუთხით დავსვა, ჩემი მამინაცვალი ყელის კიბოთი გარდაიცვალა 1992 წელს. ის თავგადაკლული მწეველი იყო; არმიის ოფიცერი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. მისი გარდაცვალების შემდეგ საკმაო დრო გავიდა, თუმცა სამეცნიერო კვლევები და სამედიცინო ინფორმაცია (მოწევის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ) მისთვის ხელმისაწვდომი იყო და შეეძლო გაცნობოდა. მას დიაგნოზი თავდაპირველად 1990 წელს დაუსვეს, მაგრამ ამ დიაგნოზისა და კიბოს წინააღმდეგ მის მიერ გავლილი მკურნალობის მრავალჯერადი კურსის მიუხედავად ის მაინც აგრძელებდა მოწევას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

დავიდ ჰაიატი: ნება მომეცით გითხრათ, რომ ახლახან ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 64% იმ ადამიანებისა, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მწეველები, მაგალითად ფილტვის კიბოს დიაგნოზით, მოწევას ბოლო დღემდე აგრძელებენ. ასე რომ, ეს არ ხდება მხოლოდ თქვენი მამინაცვლის მსგავსი ადამიანების შემთხვევაში, თითქმის ყველა ასე იქცევა. და რატომ? მოწევა – ეს არის დამოკიდებულება. ეს არის დაავადება. არ შეიძლება, რომ ეს მხოლოდ ერთგვარ სიამოვნებად ან ჩვევად თუ ქცევად მიიჩნიოთ. არა, ეს არის დამოკიდებულება; ეს დაავადებაა.

ეს დამოკიდებულება, 2020-იან წლებში, ჰგავს 20 წლის წინანდელ დეპრესიის შემთხვევას: „გთხოვთ, ნუ იქნებით დანაღვლიანებული. გადით გარეთ და გაერთეთ; შეხვდით ადამიანებს და იგრძენით თავი უკეთ.” არა, ეს დაავადებაა. თუ დეპრესიაში ხართ, საჭიროა დეპრესიის განკურნება. ხოლო ამ შემთხვევაში (ნიკოტინთან დაკავშირებით), ეს არის დამოკიდებულება და ის საჭიროებს მკურნალობას. [თამბაქო] ჰგავს მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან ნარკოტიკს, თუმცა ეს არის დამოკიდებულება.

ახლა, თუ თამბაქოს შემცველი სიგარეტის გაძვირებაზე ვისაუბრებთ, როდესაც ჟაკ შირაკის (საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი) მრჩეველი გავხდი, პირველი ვიყავი, რომელმაც სიგარეტზე ფასები გავზარდე. 2002 წელს ჩემი ერთ-ერთი მისია იყო თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა. პირველად საფრანგეთში, 2003, 2004 და 2005 წლებში, თამბაქოს შემცველი სიგარეტის ღირებულება 3 ევროდან 4 ევრომდე  და 4 ევროდან 5 ევრომდე გავზარდე ორ წელიწადზე ნაკლებ დროში. ჩვენთან მწეველთა რიცხვი 1,8 მილიონით შემცირდა. მაგრამ, ორი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს 1,8 მილიონი ადამიანი ისევ მწეველთა რიცხვს დაუბრუნდა.

რაც ახლახან იქნა გამოვლენილი, და რაც მეტად საინტერესოა კოვიდ პანდემიის შემდეგ, არის ის, რომ სიგარეტის კოლოფის ღირებულება, რაც 10 ევროზე მეტს შეადგენს საფრანგეთისთვის და ერთ-ერთი ყველაზე ძვირია ევროპაში, იმაზე მეტყველებს, რომ ამ (მაღალი ფასების) პოლიტიკამ არ იმუშავა.

ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მწეველები საზოგადოების ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ნაწილს წარმოადგენენ, მაგალითად, უმუშევარი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სოციალური შეღავათების ხარჯზე ცხოვრობს. ისინი აგრძელებენ მოწევას. ისინი იხდიან 10 ევროს იმ ფულიდან, რომელიც საკვების საყიდლად უნდა მოეხმარათ. ისინი შესაბამისად კიდევ უფრო ნაკლებად იკვებებიან. ქვეყანაში ყველაზე ღარიბი ადამიანები უკვე იმყოფებიან ჭარბი წონის, დიაბეტის და კიბოს დაავადებათა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. სიგარეტის ფასების ზრდის პოლიტიკამ უღარიბესი ადამიანები კიდევ უფრო გააღარიბა, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებენ მოწევას და ეწევიან სულ უფრო და უფრო მეტს.

მოწევისთვის თავის დანებების მაჩვენებელი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა, 1,4%-ს შეადგენს და ის მხოლოდ თავისუფალი შემოსავლის მქონე ან შეძლებულ ადამიანებზე მოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკამ  – რაც გამოიხატებოდა თამბაქოს მოხმარების გავრცელებაზე კონტროლში სიგარეტზე ფასების გაზრდის გზით, რომელიც თავდაპირველად მე წამოვიწყე, მარცხი განიცადა.

ახალი ევროპა: კონკრეტულად რაში მდგომარეობდა თქვენი თავდაპირველი კონცეფცია, როდესაც გაჩნდა სიგარეტის ღირებულების გაზრდის იდეა? ეს იყო სიგარეტზე მეტისმეტად დიდი ფასის დადება, რაც აიძულებდა მწეველებს თავი დაენებებინა მოწევისთვის?

დავიდ ჰაიატი: დიახ, ზუსტად ასეა. იმ დროისთვის ჩვენ გვქონდა ავსტრალიის გამოცდილება, სადაც დაიწყეს სიგარეტის გაძვირება. შედეგებმა, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ, აჩვენა, რომ [გაძვირებიდან] ერთი წლის თუ რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც ჩანდა, ეს მეტად ეფექტური გზა იყო სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით. მაგრამ თუ გრძელვადიანი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს გზა უბრალოდ არ მუშაობს. თუ ყურადღებას გავამახვილებთ ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიაზე (NRT), რომელიც მე ხელმისაწვდომი გავხადე საფრანგეთის ყველა მოქალაქისთვის და რომელიც მთლიანად ანაზღაურდებოდა ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, მისი ეფექტურობა შეადგენდა 60%-ს ორი თვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ორი წლის შემდეგ ეს ეფექტურობა 10%-ზე ნაკლები იყო.

მე მივაღწიე მწეველთა რიცხვის შემცირებას 1,8 მილიონი ადამიანით და მონაწილეობა მივიღე კანონის შემუშავებაში, რომელიც კრძალავს მოწევას საზოგადოებრივ ადგილებში. მე ჩემი საქმე გავაკეთე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ორი წლის შემდეგ ამან მარცხი განიცადა.

ახალი ევროპა: როგორ ფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოსახლეობა ადაპტაციას ახდენს ახალ რეალობასთან?

დავიდ ჰაიატი: ზუსტად ასეა. ამ წლის დასაწყისში ჩემს ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ საფრანგეთის მთავრობის წლის დასაწყისში [გამოქვეყნებულ] წლიურ ანგარიშში აღინიშნა, რომ სიგარეტის [კოლოფის] ღირებულების 10 ევროზე მეტად გაზრდის გამო მწეველთა რაოდენობა შემცირდა 1%-ით. თუმცა, ორი კვირის შემდეგ, ფრანგულ მედიაში საბაჟო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიგარეტის ფასის კოლოსალური ზრდის შედეგად 10 ევროზე მეტად სიგარეტით უკანონო ვაჭრობამ მიაღწია ისეთ დონეს, რომელსაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. ასე რომ, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მწეველთა რაოდენობა შემცირდა, ეს არ არის გამყარებული რეალური მონაცემებით. არალეგალური გზით სიგარეტის მყიდველი ქუჩაში არ იყვირებს: „დიახ, შავ ბაზარზე ნაყიდ სიგარეტს ვეწევი“.

საქმე ისაა, რომ ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, ან რომლითაც მოსახლეობას კვებავენ, ყალბია. მთავრობას, და ეს არის პოლიტიკური (მოტივი), სურს თქვას, რომ ისინი იყვნენ მეტად ეფექტური და ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ქმედითი და სწორი.

თუმცა, როგორც ექიმს, მე სიგარეტის მოხმარების აღმოფხვრა არ მაინტერესებს. ჩემი სურვილია, რომ მოწევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა აღმოიფხვრას. მე ვარ ექიმი, და 45 წელია ვხედავ, თუ როგორ იღუპებიან ჩემი პაციენტები კიბოს დაავადებით, ისევე როგორც თქვენი მამინაცვალი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენი პაციენტი დავკარგე ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავს არ ანებებდნენ მოწევას; შესაძლოა 30-40%. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი ათასი ადამიანის სიკვდილი ვნახე იმის გამო, რომ იმ პერიოდში ჩვენ არ გვქონდა [სათანადო] მკურნალობა? ახლა კი ჩვენ გვაქვს იმუნოთერაპია და მრავალი სხვა მეთოდი ადამიანების სამკურნალოდ. მაგრამ იმას, რაც მე გავაკეთე და რისი გაკეთებაც მინდა, არაფერი აქვს საერთო სიგარეტთან დაკავშირებულ ეკონომიკასთან. მე მხოლოდ სიგარეტის მოწევის შედეგები მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავზე ავიღე ვალდებულება მეპოვა რაიმე ინოვაციური მეთოდი, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს ჰქონოდათ მოწევისთვის თავის დანებებების – და რა თქმა უნდა, თავის დანებება საუკეთესო გზაა, – ან სიკვდილის ალტერნატივა. მაგრამ იდეა „თავის დანებება ან სიკვდილი“ საფუძვლად დაედო ჩვენს ყველა პოლიტიკას – ეს იდეა კი იმას ნიშნავს, რომ გესმოდეთ, რომ თუ თავს არ დაანებებთ მოწევას, საშინელი დაავადების მსხვერპლი გახდებით, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა, რომ მესამე გზის პოვნა მსურს.

ექიმისა და მეცნიერის გადმოსახედიდან მესამე გზის კონცეფცია საუკეთესო მეთოდია. მოწევისთვის თავის დანებება არის ის, რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლიათ, ჩემი როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობით დაინტერესებული ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვიპოვო გზა, რათა დაგეხმაროთ თქვენი არასწორი ქცევიდან გამოდინარე  შედეგების შემცირებაში.

ახალი ევროპა: ესე იგი, ჩემი მამინაცვალი რომ ახლა ცოცხალი იყოს და რომ შეგეძლოთ მისთვის რჩევის მიცემა, როგორ აუხსნიდით მას „მესამე გზის“ ვარიანტს იმგვარად, რათა დაგერწმუნებინათ, რომ ნაკლებ სკეპტიკურად ყოფილიყო განწყობილი?

დავიდ ჰაიატი: მე პირველ რიგში, მას ვეტყოდი, რომ მე მას არ ვეწინააღმდეგები, რომ სინამდვილეში, მე მესმის მისი პოზიცია და მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ვეტყოდი, რომ მესმის, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების მცდელობა, კიბოს პოტენციურად ბოლო სტადიის დიაგნოზის დასმის შემდგომ, რაც იმგვარი მკურნალობის გავლას გულისხმობს, როგორიცაა დასხივება, ოპერაცია, ქიმიოთერაპია… ეს უდიდესი სტრესია. სცადეთ და ასეთ მომენტში ვინმეს ურჩიეთ, რომ სიგარეტს თავი უნდა დაანებოს. მე მყავდა (ონკოლოგიური) პაციენტი, რომელიც ეწეოდა აქედან (ტრაქეოტომიის ხვრელიდან). ეს არის დამოკიდებულება. ეს იგივეა, რაც შეეცადო და უთხრა ჭარბწონიან მოზარდს, რომლიც სხეულის მასის ინდექსი 35 ან 33-ია, შეწყვიტოს პიცის და ნაჩოს ჭამა ყოველდღე. ეს ხომ სიგიჟეა. ისინი ისევ გააგრძელებენ პიცის და ნაჩოს ჭამას ტელევიზორის ყურების დროს.

როგორც ექიმი, ვთვლი, რომ ყველა დამოკიდებულება საჭიროა განხილული იქნას, როგორც დაავადება. ჩვენ უნდა გავიგოთ ეს დაავადება, დაავადების პროცესი, დაავადების მექანიკა და ვიპოვოთ დაავადების მკურნალობის გზები. ეს გზა კი იმაში მდგომარეობს, რომ შევეცადოთ და ავხსნათ ჩვენი ლოგიკა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: მე ვიცი, რომ თუ კვლავ გააგრძელებ მავნე ჩვევებით ცხოვრებას, მოკვდები. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როდესაც გაქვს დამოკიდებულება, უბრალოდ ამას სრულად ვერ იაზრებ.

ამგვარად, მივედით მესამე გზამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით 1999 წელს მსოფლიოში სიკვდილიანობის პირველი მიზეზი მოწევა იყო. 2017 წელს, თითქმის 20 წლის შემდეგ, სიკვდილიანობის პირველი მიზეზი ასევე მოწევა გახლდათ. დროის ამ მონაკვეთში მსოფლიოში ყველა ხელისუფლება ცდილობდა რაიმე ეღონა მოწევის წინააღმდეგ, და ამის მიუხედავად ის კვლავ სიკვდილიანობის პირველ მიზეზად რჩება მსოფლიოში. რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ამ ციფრებზე დაყრდნობით? დასკვნა ისაა, რომ ყველა ეს პოლიტიკა ჩავარდა.

მოდით საერთო სურათს შევხედოთ. აკრძალვა უკვე გამოცდილია; მწეველების მიმართ მუქარა უკვე გამოცდილია; თამბაქოს ნაწარმის მეტისმეტად გაძვირებაც გამოცდილია. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ადვილად განსახორციელებლად ითვლებოდა, გამოიცადა. ახლა არის ერთი რამ, რაც გაცნობიერებული უნდა იქნას და ამ შემთხვევაში ადამიანთა უმეტესობა გარკვეულად შეცბუნებულია და ეს იმიტომ, რომ მწეველებისთვის ეგრეთ წოდებულ „მესამე გზას“ სათავეში უდგას თამბაქოს ინდუსტრია.

იცით, როდესაც მე ონკოლოგი და ჟაკ შირაკის მრჩეველი ვიყავი, მათ (თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს) არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკებოდი.

ახალი ევროპა: ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ და ბევრმა სხვა პოლიტიკის განმსაზღვრელმა თანამდებობის პირმა თუ კანონმდებელმა ავტომატურად ჩათვალეთ, რომ თამბაქოს ინდუსტრია არაკეთილსინდისიერად მოიქცეოდა მესამე გზის ძიებისას?

დავიდ ჰაიატი: ეს იმიტომ, რომ უამრავი ტყუილი ისმოდა მათგან მთელი საუკუნის განმავლობაში. მხოლოდ 1982 წელი რომ გავიხსენოთ, შეერთებულ შტატებში, და არა იმდენად ევროპაში, არსებობდა რეკლამები, რომლითაც გვიმტკიცებდნენ, რომ მენთოლიანი სიგარეტი უსაფრთხოა. მათ ტყუილებს დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. ავტომატურად გაჩნდა განცდა, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა.

მაგრამ, როგორც მეცნიერს და ექიმს, მსურს, რომ მონაცემებს გავეცნო, მინდა შევისწავლო მტკიცებულებები. მოხდა ისე, რომ გამიჩნდა ნდობა იმის მიმართ, რასაც ვკითხულობდი, როდესაც ვნახე FDA-ს მონაცემები, რომელიც მარტივად დასაძლევ ინსტიტუტს არ წარმოადგეს. FDA-ს თამბაქოს კვლევის უდიდესი ცენტრი აქვს ფლორიდაში. მათ ჩაატარეს ელექტრო სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს ტესტირება  ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებაში და განაცხადეს, რომ პირველსაც და მეორესაც შეეძლო ჯანმრთელობის უკეთესი ალტერნატივის უზრუნველყოფა (მწეველი) მოსახლეობისთვის. რატომ? იმიტომ რომ ისინი 90-95%-ით ნაკლებად ტოქსიკურია.

უნდა გვესმოდეს, რომ კიბოს შემთხვევაში, იქნება ეს მზით [გამოწვეული] კანის კიბო, ძეხვეულით [გამოწვეული] მსხვილი ნაწლავი კიბო, თუ ნუშის [მიღებით გამოწვეული] მკერდის კიბო, ეს ერთი და იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს. ყველგან წარმოდგენილია კანცეროგენი, კანცეროგენის ზემოქმედება და დოზაზე დამოკიდებული ეფექტი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ზემოქმედებასა და რისკზე. მაგალითად, კვირაში ერთხელ ერთი ნაჭერი ლორის ჭამისა და 200 გრამი დამუშავებული ხორცის ყოველდღე მიღების შედეგად მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი აშკარად ერთიდაიგივე არ იქნება. ნახევარი საათის განმავლობაში მზეზე ყოფნა პლაჟზე, საღამოს 5 საათზე და 5 საათის განმავლობაში მზის ქვეშ დგომა დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე კანის კიბოს დაავადებისთვის ერთნაირ რისკს არ გამოიწვევს. რადიაციული გამოსხივება, რომლის  ზემოქმედების ქვეშაც იმყოფებით წელიწადში ერთხელ ან ორჯერ კომპიუტერული ტომოგრაფიის გავლის შემთხვევაში იმ დოზასთან შედარებით, რომელსაც ჩერნობილის სტუმრობის შემთხვევაში მიიღებთ, აშკარად არ არის ერთი და იგივე.

საქმე იმაშია, რომ ყოველთვის არსებობს დოზაზე დამოკიდებული ეფექტი. არსებობს დოზა: ერთი ღერი სიგარეტი დღეში, ან 10 ღერი სიგარეტი დღეში; ასევე ხანგრძლივობა: მოწევა მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ან 40 წლის განმავლობაში. იგივეა ძეხვეულის მიღებასთან დაკავშირებით მსხვილი ნაწლავის კიბოსთან მიმართებაში – ძეხვეულის მიღება ყოველდღე და კვირაში ერთხელ. ეს სხვადასხვა რისკია.

და აქ იღბლის ადგილი აღარ არის.

ახალი ევროპა: მაპატიეთ, თუ ჩემი შეკითხვა დილეტანტურად მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ არსებობს სამეცნიერო მონაცემები, რომლითაც ირკვევა, რომ გენეტიკა თავის როლს თამაშობს კიბოსადმი მიდრეკილების საკითხში ან შეიძლება თუ არა ის იყოს კიბოთი დაავადების რისკის  გამომწვევი?

დავიდ ჰაიატი: დიახ, თუმცა ჩვენ ბევრი რამ არ გვესმის მემკვიდრეობითი კიბოს შესახებ, რომელიც ადამიანებში კიბოს ყველა შემთხვევის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ცნობილი შემთხვევებიდან ადამიანების მხოლოდ 5%-მა [მემკვიდრეობით] მიიღო ერთ-ერთი მშობლისგან გენი, რომელიც მუტაციას განიცდიდა ჩასახვის დროიდან. ეს ადამიანები უდიდესი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რომ მათი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე დაავადდნენ კიბოთი – იქნება ეს ძუძუს კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო [და სხვა]. ეს არის მემკვიდრეობითი კიბო.

მაგრამ კიბოს ყველა შემთხვევის 95% არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ “სპორადულ კიბოს”. ის ჩნდება რაიმე ჩვენთვის ცნობილი გენეტიკური კავშირისგან დამოუკიდებლად. მემკვიდრეობითი კიბოს შემთხვევაში, კიბო საკუთრივ გენისგან კი არ წარმოიქმნება, არამედ იმის გამო, რომ ეს გენი სუსტია. ამდენად, თუ ადამიანი კანცეროგენის ზემოქმედებას განიცდის, დიდი ალბათობით უფრო მაღალი რისკის ქვეშ იქნება მემკვიდრეობით მიღებული სუსტი გენის გამო.

ახალი ევროპა: საკუთარი გენეტიკური მახასიათებლები თუ თამაშობს როლს [დაავადების] ადვილად ამთვისებლობაში?

დავიდ ჰაიატი: დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია, რომ ფილტვის კიბოს 80% მწეველ ადამიანებზე მოდის, მაგრამ რეალურად მწეველთა მხოლოდ 8%-ს უვითარდება ფილტვის კიბო, 92%-ს – არა.

ჩვენ ყველა ვიცნობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ ერთ ლიტრ წითელ ღვინოს, ასევე საჭმლის შემდეგ იღებენ მომნელებელ საშუალებას, ეწევიან რამდენიმე ღერ უფილტრო სიგარეტს ფილტრის გარეშე და 92 წლამდე ცხოვრობენ.

ახალი ევროპა: მართლაც ასეა. ჩემი მეუღლის ოჯახს ჰყავდა ახლო მეგობარი – ბიძად ეკუთვნოდათ, ის იყო ყირიმელი თათარი და მისი ყოველდღიური დილის რაციონი შეადგენდა საბჭოთა დახვეულ სიგარეტს, ერთი ჭიქა არაყს და ერთი ჭიქა კეფირს (ფერმენტირებული ცხვრის რძე). მან მშვენივრად იცოცხლა 90 წლის ასაკამდე.

დავიდ ჰაიატი: ეს საინტერესოა. იცით, ეს ცოტათი ჰგავს იმ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ევროპაში ბოლო 15 წლის განმავლობაში არამწეველ ქალებში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 215%-ით გაიზარდა. ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ.

საბოლოო ჯამში, თქვენ სთხოვთ ხალხს შეწყვიტონ მოწევა და აკეთებთ ყველაფერს, რაც კი შეგიძლიათ, რათა ახალგაზრდა ადამიანებმა არ მოწიონ, მაგრამ თუ მათ არ სურთ თავი დაანებონ მოწევას, თქვენ მათ უნდა დაეხმაროთ სხვა გზის პოვნაში. ჩვენ ცუდ მძღოლებს ვეხმარებით უსაფრთხოების ღვედებისა და ბლოკირების საწინააღმდეგო ABS სისტემის საშუალებით. ჩვენ ვეხმარებით ცუდ მჭამელებს დიაბეტის სამკურნალო მეტფორმინის საშუალებით. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც მზის ქვეშ დიდხანს ჯდომა უყვართ პლაჟზე, სხვადასხვა სახის კრემებისა და გელების საშუალებით.

მწეველებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია სნუსი (SNUS – დასაღეჭი თამბაქოს პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ ზედა ტუჩის ქვეშ თავსდება). ის იყიდება სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც მწეველთა რაოდენობა 5%-მდე შემცირდა. ეს მოწევისთვის თავის  დანებების საუკეთესო დამხმარე საშუალებაა და საბოლოოდ უკვე შემოღებული იქნა ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

ახლა ჩვენ გვაქვს ელექტრონული სიგარეტი, მაგრამ აშშ-ში ბევრი პრობლემა შეიქმნა, რადგან რეგულაცია არ არსებობდა. ელექტრო სიგარეტის ყიდვა ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა. მაშინ იქ, ორი წლის წინ, ერთი ზაფხულის განმავლობაში 400 ადამიანი დაიღუპა, ეს მოხდა იმიტომ, რომ ვინც ელექტრო სიგარეტს ყიდიდა, მოწყობილობის რეზერვუარში ტოქსიკური ქიმიკატები მოათავსა. როდესაც ელექტრო სიგარეტები ევროპაში შემოვიდა გასაყიდად, მათი კომერციალიზაცია ძალიან კარგად იყო რეგულირებული. ისეთი სკანდალებს, როგორიც აშშ-ში მოხდა, არასდროს ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყნებში.

მოგეხსენებათ, ზოგიერთი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გეგმებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, NHS-ს (ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს) ახლა შეუძლია გამოუწეროს ელექტრო სიგარეტები მწეველებს, ჯანდაცვის გეგმის ფარგლებში. მე მომწონს ეს, რადგან ეფექტურად უწყობს ხელს მოწევისთვის თავის დანებებას. და სულაც არ არის მართალი, რომ ეს წაახალისებს მოწევას მოზარდებს შორის. კვლევებმა აჩვენა, რომ პროცენტული რაოდენობა იმ ახალგაზრდებისა, რომელთაც მოწევა ელექტრო სიგარეტის გამო დაიწყეს, მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

ახალი ევროპა: სამედიცინო სტატისტიკა თუ გვიჩვენებს, რომ რეგულარული მწეველები რეალურად წყვეტენ მოწევას?

დავიდ ჰაიატი: დიახ. ისინი წყვეტენ ტრადიციული სიგარეტის მოწევას. ისინი კვლავ არიან დამოკიდებულები ნიკოტინზე. მაგრამ, და ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, თუმცა სამედიცინო საზოგადოებამ და ყველა ექიმმა იცის, რომ ნიკოტინს არ ახასიათებს კიბოს გამოწვევი ტოქსიკურობა. სრულიად არანაირი. ეს არის ჩვეულებრივი სტიმულატორი, ისევე როგორც კოფეინი. ადამიანები ეწევიან იმიტომ, რომ ნიკოტინზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ კვდებიან, წვის დროს გამოყოფილი ტოქნიკური ნივთიერებების გამო. თუ ჩვენ შეგვიძლია მათ შევტავაზოთ ნიკოტინი წვის გარეშე, ეს აშკარად უკეთესია. ამას აკეთებს სნუსი, ამას აკეთებს ელექტრონული სიგარეტი, ამას აკეთებს გასახურებელი თამბაქო – თითოეული კანცეროგენის (მნიშვნელოვანი გაზომვადი დონის) გარეშე.

გახსოვდეთ დოზის/ეფექტის კავშირი – რაც უფრო მეტ კანცეროგენს იღებთ, მით უფრო მაღალია კიბოს განვითარების რისკი. თუ არ არსებობს წვა, რომელიც მომდინარეობს სიგარეტის კვამლისგან, რომელიც ყველა კანცეროგენულ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და თუ თქვენ მას თეთრი ორთქლით შეცვლით, მიიღებთ 95%-ით ნაკლებ კანცეროგენს. ეს არის ისეთი ორგანიზაციების სტატისტიკა, როგორიცაა FDA და მათი კოლეგები ევროპასა და დიდ ბრიტანეთში.

ზიანის შემცირების კონცეფცია სრულიად ფანტასტიკურია, ისევე როგორც ABS სისტემა მართვის დროს. თამბაქოსთვის, ისეთი ინოვაციები, როგორიცაა სნუსი, გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი – ეს ყველაფერი ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა. პრობლემა, რომელსაც ზიანის შემამცირებელი აღნიშნული საშუალებების ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით ვაწყდებით იმაში მდგომარეობს, რომ საქმე გვაქვს მეტად დოგმატურ ადამიანებთან, რომლებიც უარს ამბობენ სამეცნიერო მონაცემების გათვალისწინებაზე. მათ არ სურთ გაიგონ, რომ ყველაფერი, რაც ნაკლებ ტოქსიკურია, უკეთესია.

ახალი ევროპა: ხომ არ არსებობს ასეთივე მტრული დამოკიდებულება სამეცნიერო წრეებშიც?

დავიდ ჰაიატი: არა, არა. სრულებით არა. მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებას შიში აქვს რომ არ გახდეს სტიგმატიზებული ელექტრონული სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს მხარდაჭერის გამო. მე ჩემს საკუთარ ქვეყანაში საჯარო თავდასხმის ობიექტი გავხდი იმ მეცნიერების მხრიდან, რომლებიც თამბაქოს მოწინააღმდეგე ლობისტებთან თანამშრომლობენ. მაგრამ ჩემი მიზანი მთელი ჩემი სიცოცხლის ბოლომდე იქნება ის, რომ ონკოლოგების ახალგაზრდა თაობას ნაკლები პაციენტი დაეღუპოს კიბოს დაავადებით. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა.

 

 

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …