მთავარი » მსოფლიო » კორონავირუსის პარალელურად, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებიც მკვეთრად იზრდება

კორონავირუსის პარალელურად, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებიც მკვეთრად იზრდება

ბერძენი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაიმუნის ყვავილი შესაძლოა, ზაფხულში ახალი ძალით გავრცელდეს. მიზეზი ზაფხულის ფესტივალებია, რომლებიც მთელ მსოფლიოში იმართება. მათი თეორიით, თუ ღონისძიებაზე მაიმუნის ყვავილით დაავადებული ერთი ადამიანი მაინც იქნება, ის ორ ადამიანს დააინფიცირებს, რაც ვირუსის გავრცელების ორჯერად ზრდას გამოიწვევს.

კვლევის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროპისა და ამერიკის ფესტივალებს ახალი პანდემიის გამოწვევა შეუძლია. თუმცა მეცნიერები მოსახლეობას არ მოუწოდებენ, რომ ასეთ ფესტივალებზე არ იარონ, რადგან მაიმუნის ყვავილის გავრცელების კუთხით მსოფლიოში ვითარება საგანგაშო არ არის. ამასთან, ღონისძიებების მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან.

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 7 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა 50-ზე მეტ ქვეყანაში და ინფიცირების შემთხვევების 90% ევროპაზე მოდის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ორ კვირაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები გასამმაგდა.

ჯანმო ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღოს ზომები ამ დაავადებასთან საბრძოლველად.

დაავადებულთა 99% მამაკაცია. ასევე მამაკაცია ის პაციენტი, რომელსაც მაიმუნის ყვავილი საქართველოში დაუდასტურდა. ეს ამ ეტაპზე ქვეყანაში აღნიშნული ვირუსის გამოვლენის ერთადერთი შემთხვევაა.

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ამ ვირუსის გარდა, მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები და მეცნიერების ნაწილი უკვე ალაპარაკდა პანდემიის მე-7 ტალღის დაწყებაზე.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …