ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ გაარკვიეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გლობალურმა დათბობამ პლანეტაზე ვირუსების გავრცელების მხრივ.
როგორც ისინი ამბობენ, გლობალურმა დათბობამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ კლიმატური ცვლილებები, არამედ სხვა, გაცილებით სერიოზული პრობლემები. ყინულებში, რომლებმაც დნობა უკვე დაიწყეს, მეცნიერებმა ათასამდე უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს, რომლებსაც ახალი ავადმყოფობებისა და ეპიდემიების გამოწვევაც კი შეუძლიათ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Nature biotechnology-ში გამოქვეყნდა.
ნაშრომში ნათქვამია, რომ მეცნიერების ჯგუფმა თოვლისა და ყინულის ნიმუშები ტიბეტის ყინულებიდან აიღო. აღმოჩნდა, რომ წყალში გაყინულია ათასამდე ბაქტერია, რომელიც მანამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ ბაქტერიებს ადამიანებისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლიათ. ბაქტერიების 968 სახეობიდან, რომლებიც მეცნიერებმა დნობის პროცესში მყოფ ყინულებში ნახეს, 98% მანამდე უცნობი იყო.
მკვლევარები ამბობენ, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 10% ყინულითაა დაფარული და თუ ყველა მათგანი დნობას დაიწყებს, კაცობრიობას მოუწევს ახალი ბაქტერიების „გაცნობა“. ეს კი ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ეს ბაქტერიები მსოფლიოსთვის ახალი გამოცდა და ახალი პანდემიების მიზეზი გახდეს.