„მაიმუნის ყვავილს“ სახელწოდებას შეუცვლიან. ამ მიზნით ექსპერტებთან კონსულტაციები დაწყებულია – ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. საქმე ისაა, რომ ჯანმო არ იძლევა რეკომენდაციას, დაავადებების ტერმინოლოგიაში ცხოველების და ადამიანების სახელები, ან კულტურული და გეოგრაფიული ტერმინები იქნას გამოყენებული.
ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, განცხადება „მაიმუნის ყვავილისთვის“ ახალი სახელწოდების მინიჭების შესახებ რაც შეიძლება მალე გაკეთდება. „მაიმუნის ყვავილის გლობალური აფეთქება აშკარად უცნაურია და შეშფოთებას იწვევს,“ – განაცხადა მან.
Bloomberg-ის ინფორმაციით კი, დაავადებებისთვის სახელწოდებების მინიჭება უნდა მიმდინარეობდეს ნეგატიური გავლენის მინიმუმამდე შემცირების მიზნით. ექსპერტების შეფასებით, ჯანმოს რეკომენდაციებს არ შეესაბამება დაავადებების ისეთი სახელწოდებები, როგორიცაა „ღორის“ ან „ჩიტის“ გრიპი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, უახლოეს მომავალში საგანგებო კომიტეტი შეკრიბოს, რომელზეც განიხილავენ დამცავ ზომებს, რათა არ დაელოდონ, როდის გავა სიტუაცია კონტროლიდან.