უკრაინაში იწყება ბრიტანული აპლიკაციის GoodSAM-ის გამოყენება, რომლის საშუალებითაც სასწარაფო სამედიცინო დახმარების ექიმები შეძლებენ პაციენტების გეოლოკაციების მიღებას და საჭიროების შემთხვევაში მათთან ვიდეოკავშირს დაამყარებენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს „ტელეგრამ“-არხი იტყობინება.
პუბლიკაციის თანახმად, აპლიკაციის დახმარებით ექიმები 20 მეტრის სიზუსტით შეძლებენ იმ პაციენტის ადგილმდებარეობის მონიტორინგს, რომელმაც გამოძახება გააკეთა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ადამიანს არ აქვს ეს აპლიკაცია დაყენებული.
ამ ეტაპზე აპლიკაციას უკრაინის რეგიონებში ნერგავენ. მისი დახმარებით ასევე შესაძლებელია მოხალისეების ბაზის შექმნა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კოორდინირების მიზნით.
მანამდე, ომის დაწყების ერთი თვის თავზე, უკრაინაში გაეშვა მობილური აპლიკაცია TacticMedAid, რომელიც მოქალაქეებს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას ასწავლის.