მთავარი » მსოფლიო » ჯანმო მაიმუნის ყვავილზე მასობრივ ვაქცინაციას არ განიხილავს

ჯანმო მაიმუნის ყვავილზე მასობრივ ვაქცინაციას არ განიხილავს

ამ ეტაპზე აფრიკის ფარგლებს გარეთ მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის გამოვლენის შესახებ 29 ქვეყანამ განაცხადა, ლეტალობის შემთხვევები მათ შორის არ ყოფილა. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.

„დაინფიცირების შემთხვევები ძირითადად მამაკაცებს შორისაა დარეგისტრირებული, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, თუმცა არა მხოლოდ მათ შორის. ზოგიერთი ქვეყანა იტყობინება, რომ ვირუსი ქალებსაც გადაედოთ,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მაიმუნის ყვავილის არაენდემურ ქვეყნებში გავრცელების რისკი რეალურია. ჯანმო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით, მათ შირის კი არიან ბავშვები და ორსულები. თუმცა, გებრეიესუსის თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების შეჩერება შესაძლებელია.

ამ მიზნით კი ჯანმო მოუწოდებს დაზარალებულ ქვეყნებს, გამოავლინონ დაავადების ყველა შემთხვევა და ყველა კონტაქტის მიდევნება მოახდინონ, რათა ინფექციის აფეთქება კონტროლის ქვეშ იყოს აყვანილი.

უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს წარმოადგინოს სამედიცინო დახმარების და პროფილაქტიკის, ასევე ვაქცინაციისა და მოსახლეობის დაცვის სხვა ზომების სახელმძღვანელო.

ამჟამად ორგანიზაცია მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებებთან და იმ მამაკაცების თემებთან, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტები მამაკაცებთან, რათა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა არის მაიმუნის ყვავილი და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი.

ამ ეტაპზე არსებობს ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები და ვაქცინები, რომლებიც მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში გამოსაყენებლად დამტკიცებულია, თუმცა მათი მარაგები შეზღუდულია. ამასთან, ჯანმო არ იძლევა მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაციას. იმ არცთუ ბევრ ადგილას, სადაც პრეპარატები ხელმისაწვდომია, მათ ძირითადად მედიკოსების და ლაბორატორიების თანამშრომლებისთვის გამოიყენებენ. ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში განიხილება პოსტ-კონტაქტური ვაქცინაცია კონტაქტიდან 4 დღის განმავლობაში.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …