უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მმართველობის დამყარებას ცდილობს, მედიკამენტების მომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემებია. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან არცერთი ჰუმანიტარული დერეფანი არ ყოფილა, რათა შეგვძლებოდა მედიკამენტების შეტანა სამედიცინო დაწესებულებებში. კომუნიკაცია გვაქვს მთავარ ექიმებთან, და ცნობილია, რომ იქ ფიზიოლოგიური ხსნარების პრობლემაც კი დგას. ჯერჯერობით არის წამლები, რომლებიც ჩვენ დიდი რაოდენობით შევიტანეთ ონკოლოგიური და დიალიზური ავადმყოფებისთვის,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გართულდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაც, ჰუმანიტარული დახმარების მიზნითაც კი.
„მაგალითად ხერსონის ოლქში მოხალისეებს, რომლებიც სამინისტროს სამედიცინო პრეპარატების შეტანაში ეხმარებოდნენ, ცეცხლს უხსნიან. იყო ლეტალური შემთხვევებიც. ამიტომ, ადამიანების სიცოცხლით ვერ გავრისკავთ, თანაც მოხალისეებიც არ გვთანხმდებიან,“ – განაცხადა ლიაშკომ. მისივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს მუშაობა წითელ ჯვართან და ორგანიზაციასთან „ექიმები საზღვრებს გარეშე,“ ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
„ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა აიძულონ რუსი ოკუპანტები, შეასრულონ ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის კონვენცია. იქ მკაფიოდაა ნათქვამი, რომ საოკუპაციო რეჟიმი ვალდებულია უზრუნველყოს ჯანდაცვის დაწესებულებები მედიკამენტებით, რადგან ესაა დაწესებულებები, რომლებმაც თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ, რაც არ უნდა ხდებოდეს,“ – განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.
მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე 235 სამედიცინო დაწესებულებაა.
მან მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას მიუხედავად იმისა, რაც მათი კლინიკების ფანჯრებს მიღმა ხდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს თანხების გადარიცხვას სამედიცინო დაწესებულებებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც შენარჩუნებულია კავშირი კლინიკებთან.
თებერვალ-მაისში დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში არსებულმა სამედიცინო დაწესებულებებმა 5,2 მილიარდ გრივნაზე მეტი დაფიბაბსევა მიიღეს.