მთავარი » მსოფლიო » ტედროს გებრეიესუსი ჯანმოს გენერალურ დირექტორად მეორედ აირჩიეს

ტედროს გებრეიესუსი ჯანმოს გენერალურ დირექტორად მეორედ აირჩიეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მეორე ვადით აირჩიეს. პირველად ის ამ თანამდებობაზე 2017 წელს იქნა არჩეული.

გადაწყვეტილება ჯანმოს 75-ე ასამბლეაზე, ჟენევაში იქნა მიღებული. გებრეიესუსი ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

„მე ამაყი ვარ წევრი სახელმწიფოების მიერ ჩემთვის მოცემული შესაძლებლობით, არჩეულ ვიქნე მეორე ვადით ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტზე, თუმცა ეს დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მე ვაპირებ ვიმუშაო ყველა ქვეყანასთან, ჩემ კოლეგებთან მთელ მსოფლიოში, რათა არსებობდეს იმის გარანტიები, რომ ჯანმო ასრულებს საკუთარ მისიას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და მოწყვლადი ადამიანების სამსახურის კუთხით,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

როგორც ჯანმოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველივე ვადის განმავლობაში ტედროს გებრეიესუსმა დაიწყო ორგანიზაციის ფართომასშტაბიანი ტრანსფორმაცია, რომელიც მისი ეფექტიანობის გაზრდისკენ იყო მიმართული.

ის აქცენტს აკეთებდა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

სწორედ გებრეიესუსი ხელმძღვანელობდა ჯანმოს რეაგირების პროგრამას კოვიდ-პანდემიაზე, ებოლას აფქეთებაზე კონგოს რესპუბლიკაში, ასევე ჩართული იყო სხვა ჰუმანიტარული კრიზისების მართვაში.

ჯანმოს გენერალურ მდივნად დანიშვნამდე გებრეიესუსი ეთიოპიის ჯანდაცვის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …