ლვოვის ოლქის მცხოვრებ 36 წლის იულია სკიპს პოლონელებმა გული აჩუქეს.
ესაა ორგანოს გადანერგვის პირველი ოპერაცია, რომელიც პოლონეთში უკრაინელს ჩაუტარდა. უკრაინის ნაციონალურ მოძრაობაში „ტრანსპლანტაციისთვის“ აცხადებენ, რომ დღემდე მსგავსი ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინა არ არის ტრასნპლანტაციის კოორდინაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა.
იულია დიდი ხანია გულის უკმარისობით იტანჯება. მისი გული, კარდიომიოპათიის გამო, ვერ ახერხებდა ორგანიზმის სისხლით სრულყოფილად მომარაგებას. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი პოლონეთში აღმოჩნდა.
„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ახლა უკრაინელ პაციენტს რეაბილიტაციის გრძელი გზა ელოდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირინა ზასლავეცი, ლვოვის სამედიცინო გაერთიანების დირექტორი, რომელიც პაციენტს კარგად იცნობს, ამბობს, რომ პოლონეთის ეს ნაბიჯი „უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.“
„ათ წელზე მეტია, უკრაინელებისთვის ევროპაში გარდაცვლილი დონორებისგან ორგანოები არ გადაუნერგავთ. მაგრამ ახლა პოლონელებმა, რომლებმაც უკვე მილიონზე მეტი უკრაინელი შეიფარეს, თქვეს: “უკრაინიდან ომის ლტოლვილებს პოლონეთში მკურნალობის ისეთივე უფლება აქვთ, როგორიც ამ დრომდე პოლონეთის თითოეულ დაზღვეულ მოქალაქეს ჰქონდა.“ ასეთი საქციელი მართლაც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. იულიას 2017 წლიდან ვიცნობ. მას იმედი ჰქონდა, რომ ოპერაციას ოდესღაც მეგობრულ ბელორუსში გაიკეთებდა,“ – ამბობს ირინა ზასლავეცი.
unian.net-ის ინფორმაცია