ქრისტიანებმა, რომლებიც აღდგომას გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, დღესასწაული პირველად აღნიშნეს მინიმალური საკარანტინე შეზღუდვებით. მაგალითად, ვატიკანში პირველად სამი წლის განმავლობაში რომის პაპმა საჯარო სააღდგომო მესა გამართა. რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასს ადამიანს მიმართა.
ასევე, პირველად პანდემიის დაწყებიდან, იერუსალიმი სააღდგომო დღესასწაულებზე შეზღუდვების გარეშე იღებს მომლოცველ კათოლიკეებს. გასულ წლებში კი სააღდგომო ღვთისმსახურება თითქმის მთელ მსოფლიოში ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღდგომა გარკვეული შეზღუდვებით აღინიშნა, მათ შორისაა სოციალური დისტანციის დაცვა. ფილიპინებზე ტრადიციული სააღდგომო ცერემონია ნიღბებით გამართეს.
მორწმუნეებმა ასევე შეძლეს ღვთისმსახურებაზე შრი-ლანკაზე, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ერაყში შეკრება.
შეგახსენებთ, რომ წელს აღდგომა გრიგორიანული კალენდრით 17 აპრილს აღინიშნება, იულიანური კალენდრით კი 24 აპრილს.
რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება, პირბადე უნდა ვატაროთ. არ არის შეზღუდვა სასაფლაოებზე შესვლაზე, თუმცა გამყრელიძის რეკომენდაციაა, თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე.