რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 სამედიცინო დაწესებულებაა დაზიანებული. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ გამოცემა „ერ ბე კა უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებებში შედის როგორც საავადმყოფოები, ისე ამბულატორიები. მინისტრის ინფორმაციით, სრულად განადგურდა 13 საავადმყოფო და ისინი აღდგენას აღარ ექვემდებარება.
რაც შეეხება სასწრაფო დახმარებას, რუსეთის ჯარმა 65 ავტომობილს გაუხსნა ცეცხლი და დააზიანა. დაიღუპა 6 ექიმი, დაიჭრა 18.
ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, ომის პირველ დღეებში ქვეყნის ტერიტორიაზე გეგმიური ოპერაციები შეჩერდა, თუმცა სამ კვირაში ეს ნორმა გაუქმდა. ამ ეტაპზე გეგმიური ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას მთავარი ექიმი იღებს იმის მიხედვით, არის თუ არა კონკრეტულ ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედებები.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქრონიკული დაავადებების, მათ შორის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მიღება პაციენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილიდან ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე იყვნენ გადასული.
ვიქტორ ლიაშკო ასევე ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებთან შეთანხმების შედეგად, უკრაინის მოქალაქეებს უცხოეთში უფასო მკურნალობის საშუალება აქვთ. ეს ეხება როგორც ომის მსხვერპლ ადამიანებს, ისე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.
ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინაში სამი საველე ჰოსპიტალია გახსნილი.
მინისტრი მედიკამენტების მიწოდების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ მხრივ პრობლემა არ არის.
„უკრაინაში მედიკამენტები არის. პირველი ორი კვირა იყო გარკვეული პრობლემები მიწოდებაში. კერძოდ, ისინი ეხებოდა ლოჯისტიკას, რადგან განაწილება შეფერხებული იყო. პირველ რიგში, მიმდინარეობდა აქტიური საომარი მოქმედებები, არ იყო განსაზღვრული ფრონტის ზონა. მეორე – აფთიაქებში აჟიოტაჟი იყო, ყიდულობდნენ ყველაფერს – რამდენიმე თვის სამყოფს. ახლა ეს უკვე დარეგულირებულია, მეტი აფთიაქი გაიხსნა, არის პრეპარატებიც და ლოჯისტიკურადაც ვცდილობთ მუშაობას, რომ ადამიანებმა წყვეტა არ იგრძნონ. თუმცა აქ შეგვიძლია გამოვყოთ სამი ზონა: პირველი – სადაც ყველაფერი მუშაობს, ჩვეულ რეჟიმში. ზონა, სადაც იყო განაწილების პრობლემები, რადგან იყო ბევრი ბლოკპოსტი. ასევე არის ზონა, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და სადაც აფთიაქები ვერ იხსნება,“ – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე კორონავირუსთან დაკავშირებით, ლიაშკომ აღნიშნა, რომ ეს ვირუსი არსად გამქრალა და სამუშაო დღეებში, საშუალოდ 4,5 ათასი შემთხვევა დასტურდება. ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზებულია 4 ათასზე მეტი კოვიდპაციენტი. ასევე გრძელდება ვაქცინაცია, მათ შორის – მესამე დოზითაც. თუმცა, მინისტრი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი შემცირებისკენ წავიდა, ქვეყანაში ბევრი ვაქცინირებული ადამიანია. პირბადის ტარება სასურველია და არა სავალდებულო, რადგან ახლა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვა რთულია.