ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებს მსჯელობას, როდის და როგორ გამოაცხადოს პანდემიის დასრულება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი დეკლარაციის გამოქვეყნებას ჯანმო არ აპირებს. იმ დროს, როცა დაავადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში შემცირდა, ჰონგკონგში ლეტალობის სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა, გასულ კვირაში კი ჩინეთში პირველად ორი წლის განმავლობაში ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა.
ამასთან, ჯანმოს ცენტრალურ ოფისში, ჟენევაში, განიხილავენ იმას, თუ რა გარემოებები შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში 2020 წლის 30 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა.
მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები, რათა დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ სოციალურ ქცევებს. კერძოდ, მათ შეარბილეს ნიღბების ტარებისა და კარანტინის წესები, ასევე გახსნეს საზღვრები მოგზაურებისთვის. ამის მიუხედავად, აზიის ბევრი ქვეყანა ვირუსის აქტიურ გავრცელებაზე იუწყება. გერმანიაში კი ინფექციის გადადების თითქმის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
ჯანმოს მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში დაინფიცირების 10 მილიონი შემთხვევა და 52 ათასი გარდაცვალება დაფიქსირდა.
მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ, კოვიდ 19-ით დაინფიცირების სტატისტიკის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაშიც კი, დიდი ალბათობით, ინფექცია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება, თუმცა ეს სურათი დაახლოებით იგივე იქნება, რაც სხვა ენდემიური დაავადებების შემთხვევაშია, როგორიცაა მალარია და ტუბერკულოზი. ახალი, საშიში ვარიანტების გამოჩენის პოტენციალი კი არაპროგნოზირებადია.
ჯანმოს ექსპერტების დისკუსიას დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტების მწარმოებლისთვის – Pfizer-მა და Merck-მა განაცხადეს, რომ პანდემიის
დამთავრებამდე საკუთარი პროდუქციის გენერიკების გამოშვებას დათანხმდნენ.
ვაქცინების მწარმოებლებმა კი, მათ შორის AstraZeneca-მ განაცხადეს, რომ პანდემიის დასრულებამდე ინარჩუნებენ დაბალ ფასს თავიანთ პროდუქციაზე.
საბოლოო გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა უნდა მიიღოს.
ამასთან, ბევრი ქვეყანა ითვალისწინებს არა ჯანმოს რეკომენდაციებს, არამედ საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ამ კუთხით გადამწყვეტია მოსახლეობის იმუნური სტატუსი – როგორც ვაქცინებით, ისე ინფექციის გადატანით გამომუშავებული იმუნიტეტი.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, შტატების მოსახლეობის 98% ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. ამასთან, იზრდება შეშფოთება ომიკრონის BA.2 ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც ფართოდ გავრცელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.