მთავარი » მსოფლიო » დაბომბვების შედეგად უკრაინაში 61-მა საავადმყოფომ მუშაობა შეაჩერა
ukraine

დაბომბვების შედეგად უკრაინაში 61-მა საავადმყოფომ მუშაობა შეაჩერა

რუსეთის არმიის დაბომბვების შედეგად უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, ფუნქციონირება შეწყვიტა 61-მა საავადმყოფომ.  ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების მიწოდებას ფრონტისპირას მდებარე დასახლებების მოსახლეობისთვის, რადგან არ არსებობს ჰუმანიტარული დერეფნები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, უკრაინაში სამედიცინო დანიშნულების სასიცოცხლოდ აუცილებელი საგნების დეფიციტია. ამასთან, ჯანმოს ინფორმაციით, გახშირდა სასწრაფო დახმარების მანქანებზე თავდასხმის ფაქტები.

ჯანმოს მონაცემებით, სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული სამედიცინო დაწესებულებებზე 16 თავდასხმის შედეგად.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებში იწურება სამედიცინო ჟანგბადი, ინსულინი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ქირურგიული ინსტრუმენტები და სისხლის პრეპარატები.

ორგანიზაცია მიმართავს ყველა ძალისხმევას, რათა უკრაინაში მედიკამენტები ოპერატიულად იქნას ჩატანილი.

ამასთან, ჯანმოს ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის ჟანგბადისა და საბავშვო ვაქცინებით მომარაგება, განსაკუთრებით კი პოლიომელიტის საწინააღმდეგოდ, რეგიონში ჯანმოს ერთერთი პრიორიტეტია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკრაინიდან დევნილი ბავშვები მიმღებმა ქვეყნებმა ვაქცინაციის პროგრამაში უნდა ჩართონ. საუბარია განსაკუთრებით კოვიდისა და წითელას საწინააღმდეგო აცრებზე.

თავშესაფრებსა და ლტოლვილების მიმღებ ცენტრებში არსებული სივიწროვე შესაძლოა გახდეს წითელას აფეთქების მიზეზი, განსაკუთრებით იმის

გათვალისწინებით, რომ გაზაფხული ამ დაავადების სეზონური გამწვავების პერიოდია,“ – ნათქვამია ჯანმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …