მთავარი » მსოფლიო » „მალე თქვენც ჩახედავთ თვალებში პაციენტს, რომელსაც ვეღარ დაეხმარებით“ – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ემოციური მიმართვა რუს ექიმებს

„მალე თქვენც ჩახედავთ თვალებში პაციენტს, რომელსაც ვეღარ დაეხმარებით“ – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ემოციური მიმართვა რუს ექიმებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო აგრესორი ქვეყნის ექიმებს მოუწოდებს, დაგმონ ომი. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ლიაშკო რუს კოლეგებს ასე მიმართავს:

„თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ უკრაინაში რაღაც „სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს, რომელსაც თქვენთან ან თქვენს სამუშაოსთან არანაირი კავშირი არ აქვს? ეს ასე არ არის! უკრაინაში ომია! ომიც არ არის, ტერორიზმია, რომლის კოორდინირებასაც თქვენი ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებები ახდენს. ესაა ტერორიზმი, რადგან თქვენი სამხედროები ესვრიან ჩვენი ქალაქების მშვიდობიან კვარტლებს, ესვრიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს, ბომბებით ანგრევენ ჩვენს საავადმყოფოებს, უკვე მოკლეს 16 ბავშვი და კიდევ 45 დაჭრილი ბავშვი ჩვენმა მედიკოსებმა გადაარჩინეს.

თუმცა ომის მეექვსე დღესაც კი, თქვენ, ვინც ჰიპოკრატეს ფიცი დადეთ და დადეთ პირობა, „სპეტაკად და უმწიკვლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება“, უბრალოდ თვალს ადევნებთ, როგორ იწვევს თქვენი ლიდერის ქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას. თქვენ არ მიგიღიათ არანაირი ზომა, რომ გემხილებინათ და შეგეჩერებინათ უკრაინაში ომი, რომ სოლიდარობა მაინც გამოგეცხადებინათ თქვენი კოლეგებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დაგეგმოთ უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვა. თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ ეს სადღაც ხდება და თქვენ არ გეხებათ. ეს „სადღაც“ არაა. ესაა აქ! თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს. თქვენ კი, ექიმები და მეცნიერები, უახლოეს მომავალში იგრძნობთ იმ სანქციების მოქმედებას, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებამ თქვენს სახელმწიფოს დაუწესა  და რომლებიც ცდილობენ, შეაჩერონ ეს შეშლილი მარში. მალე თქვენც იგრძნობთ, რას ნიშნავს იყო წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების წამლების გარეშე, რომლებიც ვერ ჩამოვა თქვენს ქვეყანაში, რომელსაც მთელი მსოფლიო აიგნორებს. თქვენც იგრძნობთ იმას, რასაც დღეს მე ვგრძნობ – როდესაც თქვენი ქვეყნიდან მოსული ოკუპანტის ქმედებების გამო არ შემიძლია წამლები მივაწოდო ქალაქებს, რომლის გზებზე და გარეუბნებშიც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. წამლები, რომლებსაც ვიღაცის სიცოცხლე უნდა გადაერჩინა. მალე თქვენც ჩახედავთ თვალებში თქვენს პაციენტს, რომელსაც ვეღარ დაეხმარებით. ამიტომ დაფიქრდით: რატომ არ გამოვედი 24, 25… თებერვალს ან 1 მარტს მოედანზე, ომის შეჩერების მოთხოვნით?

თქვენ უკვე გრიცხავენ მსოფლიო პროფესიონალური სამედიცინო ასოციაციებიდან. თქვენ ჩამოგართმევენ მსოფლიო სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნების უფლებას. თქვენ უკვე ჩამოგართვეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩასვლის და მსოფლიო კონგრესებში მონაწილეობის, სამედიცინო დარგის ინოვაციური  მიღწევების გაცნობის უფლება.

თუ თქვენ ეს გაწყობთ, მაშინ გააგრძელეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის არშემჩნევა. თუ არ გაწყობთ და თქვენც გსურთ სიცოცხლე მომავალშიც იმას დაუთმოთ, რისთვისაც ოდესღაც ამ პროფესიაში მოხვედით – ადამიანების დახმარებას – თუ თქვენ დაგრჩათ გულში ის, რაც აქვს თითოეულ ჩვენ უკრაინელ ექიმს, გამოდით საკუთარი ქალაქების მოედნებზე. ღიად დაგმეთ ომი! ნუ გეშინიათ! უთხარით სიმართლე თქვენს პაციენტებს! დაგვეხმარეთ უკრაინელებს, გადავარჩინოთ მსოფლიო.“

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …