მთავარი » მსოფლიო » ჯანმოს განცხადებით, უკრაინა სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტის საფრთხის წინაშეა

ჯანმოს განცხადებით, უკრაინა სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტის საფრთხის წინაშეა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი და ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებენ, რომ უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის საგანგაშოდ მცირე მარაგებია, რადგან საავადმყოფოების უმეტესობაში, მარაგები, შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში ამოიწუროს, რაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს. განცხადება გუშინ გაკეთდა.

ჯანმოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინაში ჟანგბადით მომარაგების მხრივ არსებული სიტუაცია ძალიან საშიშ წერტილს უახლოვდება. სატვირთო მანქანებს არ შეუძლიათ ჟანგბადის ქარხნებიდან საავადმყოფოში ტრანსპორტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევში.

პაციენტებისთვის რისკები კიდევ უფრო ღრმავდება იმით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საავადმყოფოები ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე დადგებიან, სასწრაფო დახმარების მანქანები კი, შესაძლოა, ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

მათი თქმით, ჟანგბადით უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკებში მყოფი სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის კოვიდ 19-ით დაინფიცირებულებისთვის, რომელთა რაოდენობა ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 1700-ს აღწევს. ჟანგბადი ესაჭიროებათ სხვა კრიტიკულ პაციენტებსაც, დაწყებული ახალშობილებით და ხანში შესული ადამიანებით დამთავრებული. ჟანგბადი მნიშვნელოვანია ორსულობის გართულებების, ქრონიკული დაავადებების, სეფსისის, ტრავმების და სხვა გართულებების დროს.

ჯანმოს განცხადებით, უკრაინა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო საგნებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ამიტომ ორგანიზაცია მუშაობს პარტნიორებთან პოლონეთის გავლით ტვირთების უსაფრთხოდ გატარებისთვის.

ჯანმო აცხადებს, რომ კრიზისის დროს უკრაინაში ჯანდაცვა ჰუმანიტარული რეაგირების პრიორიტეტული ნაწილი უნდა იყოს, ჯანდაცვის სისტემები და მედიკოსები კი დაცულები უნდა იყვნენ.

ჯანმო აცხადებს, რომ აქტიურად ეძებენ მიწოდების გაზრდის გზებს. საუბარია ჟანგბადის მიწოდებაზე როგორც ბალონებით, ისე თხევადი სახით რეგიონალური ქსელებიდან.

ამ მიწოდებებს კი, როგორც ჯანმოში აცხადებენ, სჭირდება უსაფრთხო ტრანზიტი, მათ შორის ლოჯისტიკური დერეფანი პოლონეთის გავლით.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …