უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში განვითარებული ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას აქვს სამედიცინო დახმარების საგანგებო სისტემა, კვების უწყვეტი წყაროები და სისხლისა და მედიკამენტების მარაგები.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეადგინა იმ საავადმყოფოების სია, რომლებიც მზად არიან რეაგირება მოახდინონ საგანგებო სიტუაციებზე და პაციენტებს ქირურგიული, ინფექციური და თერაპიული სერვისები მიაწოდოს.
ამასთან, არსებობს ბრიგადები, რომლებიც ექიმებს პაციენტების ჰოსპიტალიზაციაში დაეხმარებიან.
ამასთან, ლიაშკომ განაცხადა, რომ, სისხლის საკმარისი მარაგების მიუხედავად, ქვეყანაში დონორობა ისე პოპულარული არ არის, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ამიტომ მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, გახდნენ სისხლის დონორები.
ლიაშკოს თქმით, ქვეყანას სამედიცინო მასალების მარაგი ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში ეყოფა, თუმცა მარაგების შევსებას ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც გეგმავს.
„ჯანდაცვის სისტემა მზადაა გამოწვევებისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წითელ ჯვართან, ორგანიზაციასთან „ექიმები საზღვრებს გარეშე“. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დამატებითი საკადრო რესურსის მობილიზება,“ – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას ახორციელებს.