პოლონეთის ხელისუფლებამ საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის შესახებ განაცხადა. ქვეყანამ ასევე შეამცირა კოვიდ-საწოლების რაოდენობა. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპტიმიზმით სავსეა.
პოლონეთმა უკვე გაიარა მეხუთე ტალღის პიკი, ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პანდემიის დაღმასლვა დაიწყო და ის მალე დასრულდება.ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნეძელსკის განცხადებით, რამდენადაც მანამდე პესიმისტი იყო, ახლა იმდენად ოპტიმისტია.
“ჩვენ საქმე გვაქვს პანდემიის დასასრულის დასაწყისთან,” – აღნიშნა პოლონეთის ჯანდაცვის ხმინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოვიდ-ფონდიდან 5 ათასი ადგილი გაიტანოს და ისინი ჯანდაცვის სისტემის ჩვეულ რეჟიმში დააბრუნოს.
ქვეყანაში კოვიდინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 10-დან 7 დღემდე შემცირდა, ამასთან, ხელისუფლება აუქმებს კარანტინს კონტაქტებისთვის.
ამასთან, 21 თებერვლიდან კლასებში ბრუნდებიან 5-8 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულები.
“სასწავლო წლის ბოლომდე ჩვენ სწავლას მშვიდად შევძლებთ,” – განაცხადა პოლონეთის განათლების მინისტრმა პშემისლავ ჩარნეკმა.
გასულ დღე-ღამეში პოლონეთში კოვიდ 19-ით 42 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. პიკზე – 3 თებერვალს კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 55 ათასამდე იყო.