საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ EY-მა, მის მიერ რუსეთის მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დონე უფრო მაღალია უმაღლესი განათლების მქონე და სრული სამუშაო განაკვეთით მომუშავე ადამიანებში.
გამოკითხვა რუსეთის 30 უმსხვილეს რეგიონში ჩატარდა და ასეთი შედეგებით დასრულდა: უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებში 55% აცრილია. მეორე ადგილზეა იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არასრული უმაღლესი განათლება აქვთ – ამ კატეგორიაში ვაქცინაცია 46%-მა ჩაიტარა.
საშუალო განათლების მქონე მოქალაქეებს შორის კი აცრილი მხოლოდ 40% აღმოჩნდა, დანარჩენ კატეგორიაში – 38%.
ამასთან, კვლევის თანახმად, აცრილი მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი – 57% სრული დატვირთვით მომუშავე ადამიანებსა და სტუდენტებზე მოდის.
EY-ის კვლევის თანახმად, აცრილი მოქალაქეების ყველაზე დიდ ნაწილს დაინფიცირების ეშინია.
იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია, მათ შორის კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია, მოქალაქეების განათლების დონეზეა დამოკიდებული, საუბარია Superjob-ის კვლევაშიც, რომელიც 2021 წლის ივლისში ჩატარდა.
რუსეთში ამ ეტაპზე ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია აცრილი.