„ომიკრონის“ ახალი შტამი მინიმუმ სამჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ და SARS-CoV-2-ის სხვა ვარიანტები. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების გამო იანვრის დასაწყისში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა დღეში შესაძლოა 250 ათასი შეადგინოს.
მინისტრის თქმით, საფრანგეთში დელტა ვარიანტიც აგრძელებს გავრცელებას, რის გამოც ქვეყანა ერთდროულად ორი ტალღის წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა შტამითაა განპირობებული და მათთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს საჭიროებს. ამ ფონზე, ოლივიე ვერანი ვაქცინაციას პანდემიის დაძლევის მთავარ იარაღად მიიჩნევს.
25 დეკემბერს საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 104,6 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ამ ფონზე ქვეყნის ხელისუფლება ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებმაც სრული ვაქცინაცია ჩაიტარეს, სამი თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
27 დეკემბერს მთავრობამ ახალი შემზღუდველი ზომების შესახებ განაცხადა. შენობებში, მასობრივ ღონისძიებებზე 2 ათასზე მეტი ადამიანის დაშვება აიკრძალა, ღია სივრცეში კი ლიმიტი 5 ათასი დამსწრეა. ასევე დაუშვებელიაკინოთეატრებსა საზოგადოებრივ ტრანსპორტში საკვების მიღება. ქალაქების ცენტრში, ქუჩებში აუცილებელია პირბადეების ტარება. ამასთან, სწავლის დაწყების თარიღი არ შეცვლილა და მოსწავლეები საახალწლო არდადეგების შემდეგ, სკოლებს 3 იანვრიდან დაუბრუნდებიან.
საფრანგეთმა ანტიკოვიდური რეგულაციები ნოემბერში გაამკაცრა. მაგალითად, პისიარ ტესტის მოქმედების ვადა 72 საათიდან 24 საათამდე შემცირდა.