ევროპის წამლის სააგენტომ, პრეპარატები – „ქსევუდი“, „კინერეტი“ და კოვიდ-19-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ მიერ შექმნილი აბები გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ევროკავშირის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მონოკლონური ანტისხეულების მედიკამენტი „ქსევუდი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის და ამერიკული ფირმა Vir Biotechnology-ის მიერ არის შექმნილი, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში.
სააგენტოს მიხედვით, მედიკამენტი „კინერეტი“, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარების თავიდან არიდებაში ეხმარება.
მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ გადაუდებელი მოხმარებისთვის ასევე „ფაიზერის“ მიერ „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ შექმნილი აბებიც დაამტკიცა. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფაიზერის“ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია კორონავირუსული ინფექციის მქონე მოზრდილთა სამკურნალოდ, რომლებსაც არ სჭირდებათ ჟანგბადის დამატებით მიწოდება და დაავადების პროგრესირების რისკის წინაშე არიან.
სააგენტოს მიერ ავტორიზებული მედიკამენტები მოხმარებისთვის საბოლოოდ ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. სულ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, კორონავირუსის სამკურნალოდ ექვსი მედიკამენტია ავტორიზებული.
1tv.ge