ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ში მდებარე, Jude Children’s Research Hospital-მა განაცხადეს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიცაა ბავშვებისთვის კიბოს სამკურნალო პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის მკვეთრი გაუმჯობესება.
ესაა ამ შინაარსის პირველი გლობალური პლატფორმა, რომელიც დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს უწყვეტად მოამარაგებს სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტებით.
ჰოსპიტალი 6 წლის განმავლობაში, პლატფორმისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს. მისი საშუალებით ქვეყნები წამლებს უფასოდ მიიღებენ.
ესაა დღემდე შექმნილი უმსხვილესი ინიციატივა, რომლის მიზანიცაა გლობალური ძალისხმევის მიმართვა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის.
„ონკოლოგიური დაავადების მქონე 10 ბავშვიდან თითქმის 9 დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანაში ცხოვრობს. გადარჩენადობა ამ ქვეყნებში 30%-ზე ნაკლებია, განსხვავებით მაღალი შემოსავლების ქვეყნებში არსებული 80%-სგან. ინიციატივა საშუალებას შექმნის, აღმოიფხვრას ეს მიუღებელი დისბალანსი და იმედი აჩუქოს მრავალ ათას მშობელს, რომლებსაც უმძიმესი ტვირთის ტარება უწევთ შვილის დაავადების გამო,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა.
კვლევების თანახმად, მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადება ყოველწლიურად 400 ათას ბავშვს უვითარდება. 100 ათასი პატარა ონკოპაციენტი კი იღუპება.
ახალი პლატფორმის მიზანია, 2022-2027 წლებში 120 ათასამდე ბავშვს კიბოს სამკურნალო პრეპარატები მიაწოდოს და მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდოს. 2027 წლისთვის პრეპარატების მიღებას მსოფლიოს 50 ქვეყანა შეძლებს.
Jude Children’s Research Hospital-ი აშშ-ში, ტენესის შტატში მდებარეობს და არის მსოფლიო ლიდერი ბავშვთა ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების მკურნალობასა და შესწავლაში. ესაა მსოფლიოში ერთადერთი, მხოლოდ ბავშვებზე გათვლილი ონკოლოგიური ცენტრი ფართო პროფილით. სტაციონარში შემუშავებული მკურნალობის მეთოდოლოგიის წყალობით, 1962 წლიდან დღემდე აშშ-ში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების გადარჩენის მაჩვენებელი 20%-დან 80%-მდე გაიზარდა. კლინიკის მიზანია, ჯანმოსთან თანამშრომლობით, 2030 წლისთვის გადარჩენის მაჩვენებელი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში 60%-მდე გაიზარდოს.